Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აბრაჰამი:“ რომაში ფრთების გასაშლელად გადმოვედი“

რომას ფორვარდმა ტამი აბრაჰამმა The Telegraph-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რა მითხრა მოურინიომ, როდესაც რომას პირველად ვეწვიე ? მისი პირველი სიტყვები იყო, რომ მე მონსტრი გავმხდარიყავი. მან მითხრა, რომ მე ზედმეტად კეთილი ფეხბურთელი ვარ და უფრო აგრესიული უნდა გავხდე, წინააღმდეგ შემთხვევაში პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას ვერ მოვახერხებ.

„თავიდან ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა ის, თუმცა ნელ-ნელა მისი სიტყვების აზრს ჩავწვდი. მას სურს, რომ მეტოქე გუნდის მცველები ყოველთვის ზეწოლის ქვეშ იყვნენ მაშინაც კი, როდესაც მე ბურთი არ მაქვს და ვფიქრობ, რომ ამ ასპექტში საგრძნობლად ვუმატებ.

„რომაში ტრანსფერი ? თავიდან გარკვეული ეჭვი მქონდა. ვფიქრობდი, რომ პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატი იყო, სადაც ყველას სურდა თამაში.

„თუმცა ვფიქრობ, რომ სერია ა-ში და ისეთი დიდი გუნდის რიგებში გადასვლა, როგორიც რომაა, ჩემთვის შანსი იყო, რომ განვითარება გამეგრძელებინა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრებში ადგილი მომეპოვებინა, რაც ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნებაა.

„მე ვიცი, რომ გარეტი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი) იმ ფეხბურთელებსაც აკვირდება, რომლებიც პრემიერ ლიგაში არ თამაშობენ.

„ვფიქრობ, რომ აქ მე ფრთების გაშლის და ჩემი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება მექნება, რაც საბოლოოდ მსოფლიო ჩეპმიონატზე ინგლისის რიგებში თამაშის საშუალებას მომცემს.

„განსხვავება სერია ა-სა და პრემიერ ლიგას შორის ? სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ მეგონა, რომ სერია ა-ში თამაში ასეთი რთული იქნებოდა. აქ ფეხბურთელები ძალიან ჭკვიანები არიან და მათ დაცვაში თამაში უმაღლეს დონეზე შეუძლიათ.

„ინგლისში ჩვენ აქცენტს ყოველთვის უფრო შეტევაზე ვაკეთებდით, რომაში თამაში კი ჩემთვის განსხვავებული სტილის სწავლის შანსია.“