Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აგენტი:“ ინსინიემ ნაპოლისგან არაადეკვატური წინადადება მიიღო“

ნაპოლი და ლორენცო ინსინიე ახალი კონტრაქტის შესახებ შეთანხმებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ და როგორც ჩანს, იტალიელი ფორვარდის გუნდიდან წასვლის შანსები დღითი დღე იზრდება.

ინსინიეს მიმდინარე ხელშეკრულება პარტენოპეისთან სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა ფინანსური საკითხების გამო მხარეები საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებენ.

„ნაპოლისგან ჩვენ მიუღებელი და მეტიც, არაადეკვატური პირობები მოვისმინეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოლაპარაკებებს არ ვაგრძელებთ.

„თუ ჩვენ შეთანხმების მიღწევა გვსურს, ორივე მხარემ საუბარი უნდა გააგრძელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია.

„მე ბევრჯერ წავიკითხე, რომ ლორენცო წარმოუდგენლად მაღალ ხელფასს ითხოვს, მაგრამ ჩვენ კონკრეტული თანხა საერთოდ არ გვითქვამს. ინსინიეს ნაპოლი სიგიჟემდე უყვარს, შესაძლოა ზედმეტადაც კი, მე არასოდეს მინახავს ფეხბურთელი, რომელიც თავის გუნდზე ასე იყოს შეყვარებული.

„რა არის შანსი იმისა, რომ ლორენცო ნაპოლიში დარჩება ? ზუსტ პროცენტს ვერ დაგისახელებთ, ეს უბრალოდ არ შემიძლია, მაგრამ თუ ამის სურვილი ორივე მხარეს არ აქვს, ერთად გაგრძელება რთული იქნება.

„ჯერ ძალიან გვიან არ არის, მაგრამ მე გუნდისგან მჭირდება წინადადება, რომელზეც ვიმუშავებთ.“