Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრის იუვენტუსში რევოლუცია სურს

იტალიურ მედიაში მაქს ალეგრის იუვენტუსში დაბრუნების შესახებ ცნობები არ წყდება და Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, მაქსი შემადგენლობაში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს.

ალეგრიმ იუვენტუსი 2019-20 წლების სეზონის სტარტზე დატოვა, მაგრამ არც მაურიციო სარის და არც ანდრეა პირლოს პერიოდში მისი იუვეში შესაძლო დაბრუნების შესახებ საუბარი არ წყდებოდა.

იუვენტუსი 9-წლიანი დომინაციის შემდეგ საშინელ სეზონს ატარებს. ჩემპიონთა ლიგაზე პორტუსთან გამოთიშვის შემდეგ, ბიანკონერიმ სკუდეტოს მოპოვების შანსი უკვე დაკარგა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, წარუმატებლობის შემთხვევაში კი პარატიჩიმ თავად დაადასტურა, რომ პირლო გუნდს დატოვებს.

წყაროს ინფორმაციით, ალეგრის იუვენტუსში მისვლის შემთხვევაში, კრიშტიანუ რონალდუ გუნდს დატოვებს და პაულო დიბალას უფრო მეტი სივრცე მიეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ იუვენტუსი მას კონტრაქტს აუცილებლად გაუხანგრძლივებს.

ალეგრის არც ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა ეშლება და მატიას დე ლიხტის, ფედერიკო კიეზას და დეიან კულუშევსკის გამოყენება არ უნდა გაუჭირდეს. ასევე სავარაუდოა, რომ ალეგრი კიელინის გუნდში დარჩენას მოისურვებს.

წყაროს ინფორმაციით, ალეგრი გუნდიდან რაბიო-რემსის გაშვებას აპირებს და გუნდს ნახევარდაცვის გაძლიერებას მოსთხოვს.