Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრის იუვეში დაბრუნებას პარატიჩი-ნედვედის წასვლა მოყვება ?

იტალიურ მედიაში მაქს ალეგრის იუვენტუსში შესაძლო დაბრუნება ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი თემაა და თუ ის ბიანკონერის ჩაიბარებს, გუნდს დიდი ალბათობით ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი დატოვებენ.

ტოსკანელი სპეციალისტი იუვენტუსიდან 2019 წელს დაითხოვეს. მან იუვენტუსში გატარებულ 5 სეზონში 11 ტიტული მოიგო და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. გუნდიდან წასვლის მიუხედავად, ალეგრის ანიელისთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ იგივეს თქმა პარატიჩი-ნედვედის დუეტის მიმართ არ შეიძლება და Corriere della Sera-ს ინფორმაციით, სწორედ ნედვედის მოთხოვნის გამო გადაწყვიტა იუვენტუსმა, რომ ალეგრი გუნდიდან გაეშვათ.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ნედვედის და პარატიჩის კონტრაქტები იუვენტუსთან სეზონის ბოლოს იწურება და თუ გუნდში მაქს ალეგრი დაბრუნდება, არც ერთ მათგანი გუნდთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.

თუმცა, ამ ეტაპზე გუნდში დარჩენა არც თავად ანიელის აქვს გარანტირებული, რომელსაც სუპერ ლიგის ფიასკოს შემდეგ როგორც სერია ა-ს გუნდებთან, ასევე UEFA-ს და FIFA-ს წარმომადგენლებთან ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდა და მისი მომავალი 27 მაისს გადაწყდება, როდესაც Exor-ის მეწილეები შეხვედრას გამართავენ.