Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ დე ლიხტის მომავალი ნაბიჯი ?…“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ კალიარისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„რას ველოდები ხვალ გუნდისგან ? ჩვენ რთულ სიტუაციაში ვართ, რადგან ყველა უკვე დასვენებაზე, საჩუქრებზე და შობაზე ფიქრობს, თუმცა კალიარის ჰყავს შესანიშნავი ფეხბურთელები, რომელთა დაუფასებლობაც ძალიან ძვირი დაგვიჯდება.

„ვფიქრობ, რომ კეიტა, პედრო და პავოლეტი სერია ა-ს მეორე ეშელონის გუნდებში საუკეთესო ფორვარდები არიან, ამიტომ მათი დაუფასებლობა დიდი შეცდომა იქნება.

„ტრავმირებულები ? ჩვენ იგივე შემადგენლობით ვითამაშებთ, როგორითაც ბოლონიას წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ძირითადში როტაცია იქნება, რადგან ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებათ, თუმცა გუნდის განაცხადი იდენტური იქნება.

„ჩვენი მიზნები ? ახლა ამ თემაზე საუბარი ადრეა. იანვარი და თებერვალი სეზონის უმნიშვნელოვანესი თვეებია და ვფიქრობ, რომ 28 თებერვალს შეგვეძლება იმის თქმა, შევძლებთ თუ არა ოთხეულისთვის ბრძოლას.

„ხვალინდელი მატჩიდან დაწყებული, ჩვენ შეცდომების უფლება აღარ გვაქვს და დაგეგმილი ქულები აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ.

„რაიოლას სიტყვები, რომ დე ლიხტი შემდეგი ნაბიჯისთვის მზად არის ? ის ალბათ ხვალინდელ მატჩს გულისხმობდა, დე ლიხტმა გოლების გატანას უნდა უმატოს.

„მატაისი თამაშიდან თამაშამდე უმატებს, ბოლონიასთან მატჩში ის დიდებულად გამოიყურებოდა და ორი უმნიშვნელოვანესი მომენტი განმუხტა ისე, როგორც მისი დონის მცველს ეკადრება. ის ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს ისევე, როგორც კულუშევსკის, რაბიოს, კინს და სხვებს.  

„დიბალა ? მას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, ამიტომ ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გავრისკოთ. დიბალა, კიელინი და კიეზა გუნდს ახალი წლიდან დაუბრუნდებიან, დანილო მათ მცირედით ჩამორჩება, რემსი კი მზად კვლავ არ არის.

„რა გავლენა ექნება გუნდზე სატრანსფერო ფანჯარას ? ჩვენ თეორიული ტრანსფერების იმედად ვერ ვიქნებით. არივაბენემ ბოლონიასთან მარჩის წინ თქვა, რომ იანვარში ჩვენ დიდ ტრანსფერებს არ უნდა ველოდოთ და ამ ფეხბურთელებით ზაფხულამდე თამაში მოგვიწევს, სწორედ ამ შემადგენლობამ უნდა დაიცვას თავი, გაიტანოს გოლები და იბრძოლოს იმ მიზნებისთვის, რომლებიც ჩვენ დავისახეთ.

„დიბალას კონტრაქტი ? მე ვიცი, რომ მხარეებს შორის საუბარი გრძელდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტია როგორც გუნდისთვის, ასევე დიბალასთვის და ნორმალურია, რომ მოლაპარაკებებს გარკვეული დრო სჭირდება.

„როგორ ვგრძნობ თავს ახალი გამოწვევების პირობებში ? ძალიან კარგად, თავს ძალიან ენერგიულად, ახალგაზრდულად ვგრძნობ. გასულ კვირას ჩვენ როგორც ტექნიკური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით კარგად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, რომ გუნდი განვითარებას აგრძელებს.

„კენი ? მე მისი თამაშით ბოლონიასთან მატჩში კმაყოფილი დავრჩი. მოიზემ გუნდისთვის ბევრი გააკეთა და ის სავარაუდოდ შანსს ხვალაც მიიღებს.“