Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ დიბალა და კიელინი, იუვენტუსის ღირსეული წარმომადგენლები წლების განმავლობაში…“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ლაციოსთან მატჩი შეაფასა და კიელინი-დიბალას დუეტზე ისაუბრა.

„ეს დიდებული საღამო იყო, ემოციებით დატვირთული, ეს იყო მომენტი, რომელსაც დიბალა და კიელინი იმსახურებენ.

„კიელინიმ წლების განმავლობაში იტალიურ, ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთს ძალიან ბევრი რამ შესძინა. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდულ აკადემიაში ბავშვებმა მის ვიდეოებზე უნდა ისწავლონ, როგორც უნდა დაიცვან თავი.

„კიელინიმ მე პერსონალურ დონეზეც ბევრი რამ შემმატა. როდესაც მე პირველად იუვენტუსში მოვედი, სწორედ მან, ბუფონმა, ბარძალიმ, ბონუჩიმ და მარკიზიომ მიმახვედრეს, თუ რას ნიშნავს იუვენტუსი.

„პაულოს რაც შეეხება, ის 7 წლის განმავლობაში იუვენტუსში უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო. როდესაც ის გუნდში მოვიდა, ბავშვი იყო და შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემს ხელში გაიზარდა. მან გუნდის ისტორიაში ადგილი დაიმკვიდრა და ქომაგებმა მას საკადრისი გაცილება მოუწყეს. მან თავისი ვნებით და კლასით იუვენტუსს ძალიან ბევრი მისცა.

„განსხვავებული ემოციები დიბალასა და კიელინისგან ? კიელინი სახლში იტირებს, დიბალამ კი მოთმენა ვერ მოახერხა. მათ დანახვაზე, მეც იგივე ემოციები მაქვს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? მე გუნდის ხელმძღვანელობას ვესაუბრე და ჩვენ ნათელი იდეები გვაქვს, მაგრამ წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ ამ სეზონში ჩვენ კარგი საძირკველი ჩავყარეთ, ვლაჰოვიჩი-ზაკარიას ტრანსფერებით კი მნიშვნელოვნად გავძლიერდით. ასევე უნდა აღინიშნოს ფაბიო მირეტი, რომლის თამაშმაც ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.“