Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ჯენოას წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის“

მაქს ალეგრიმ ჯენოასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„პელეგრინი და კულუშევსკი ? ისინი სავარაუდოდ სასტარტოში იქნებიან. ჩვენ ძალიან დატვირთული კალენდარი გვაქვს, ამიტომ შემადგენლობის როტაცია სავალდებულოა, რომ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მივცეთ.

„ლოკატელი ? ჯერჯერობით ის კარგ ფორმაშია და დასვენება არ სჭირდება, ამიტომ ხვალ მანუ სასტარტოში იქნება.

„რემსი ? ის ჯერ კიდევ ტრავმირებულია, ამიტომ ხვალინდელ მატჩში ვერ დაგვეხმარება. შეტევას რაც შეეხება, მორატა და კინი თავს კარგად გრძნობენ და არ გადამიწყვეტია, რომელი იქნება ძირითადში.

„არტური ? ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, თუ ვინ იქნება სასტარტოში ნახევარდაცვაში ლოკატელისთან ერთად. არტურის თამაშით მე კმაყოფილი ვარ, რადგან ის შესანიშნავი პროფესიონალია და როდესაც გუნდს დასჭირდა, მან მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ჯენოას წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არ არის. მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ, შევჩენკო ახალგაზრდაა, მაგრამ მან უკრაინაში ძალიან კარგად იმუშავა და შესანიშნავი შედეგებიც დადო, ამიტომ სასრუველი შედეგების მისაღწევად ჩვენ მოედანზე 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ.

„დე შილიო და მაკკენი ? ისინი გუნდს სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან დაუბრუნდებიან.

„რისი ბრალია ამდენი ტრავმები სერია ა-ში ? პანდემიის შემდეგ, სიტუაცია ფეხბურთში ძალიან შეიცვალა. ჩემპიონატების განახლების შემდეგ, ფეხბურთელებს წარმოუდგენელ ტემპში უწევთ თამაში. ნაკრებებში და გუნდებში გასამართი შეხვედრების გამო, მათ დასვენების საშუალება ფაქტობრივად არ აქვთ, რაც რა თქმა უნდა ტრავმიანობაზეც აისახება.

„მოედანს მიღმა არსებული სიტუაცია ? ჩემი საქმე არის ის, რომ იუვენტუსი მოედანზე საუკეთესოდ გამოიყურებოდეს, სხვა საკითხები კი მე არ მეხება. გუნდმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა და მე ვიცი, რომ ამ პრობლემაზე პროფესიონალები მუშაობენ.“