Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანიელიმ პარატიჩის, პირლოს და ალეგრის შესახებ ისაუბრა

დღეს იუვენტუსმა ფაბიო პარატიჩის, რომელმაც ბიანკონერის რიგებში 11 წელი გაატარა, გაცილება მოუწყო და პრეს-კონფერენციაზე პარატიჩის შემდეგ (იხილეთ აქ), კომენტარი ანდრეა ანიელიმ გააკეთა.

„პირველ რიგში მინდა ანდრეა პირლოს და მის სტაფს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ბევრი მიიჩნევს, რომ იუვენტუსმა გასული სეზონი ჩააგდო, მაგრამ ჩვენ 2 ტიტული მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ და ამ ყველაფრის შემდეგ სეზონს თუ ჩაგდებულს ეძახით, ეს იმას ნიშნავს, რომ იუვენტუსის სტანდარტი კიდევ უფრო გაიზარდა.

„ჩვენ ამ სეზონში შეცდომები დავუშვით და ამ შეცდომებზე აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. ზოგჯერ რთულ სიტუაციებში სწორ რეაგირებას ვერ ვახერხებდით, რამაც საქმე საკმაოდ გაგვირთულა, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდა.

„ჩვენ გვაქვს მონდომება, შიმშილი და სურვილი იმისა, რომ ალეგრისთან და მის სტაფთან ერთად მუშაობა და ზრდა განვაგრძელოთ. მაქსი იუვენტუსის გრძელვადიან პროექტს უხელმძღვანელებს.

„ბევრმა შესაძლოა ალეგრის დაბრუნება ისე მიიღოს, რომ ჩვენ 2 წლის წინ მის გაშვებას ვნანობთ, მაგრამ ეს ასე არ არის. იმ მომენტში ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ახლა კი მისი დაბრუნებაც ანალოგიურად სწორი გადაწყვეტილებაა.

„ასევე მინდა გითხრათ, რომ ალეგრის დაბრუნება და პარატიჩის გუნდიდან წასვლა ერთმანეთთან კავშირში არ არის. მე ორივე მათგანს კარგად ვიცნობ, ისინი შესანიშნავი პროფესიონალები არიან და ჩვენ ერთად მუშაობა რომ გაგვეგრძელებინა, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა.

„პარატიჩის რაც შეეხება, მე ჯიჯი დელნერიდან პირლომდე ყველაფერი კარგად მახსოვს. 9 სკუდეტო, 5 კოპა იტალია, 2 ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 23-წლამდელთა წარმატებული პროექტი, იუვენტუსის ქალების გუნდი, რომლებმაც 4 სკუდეტოსთან ერთად 2 კოპა და 4 სუპერკოპა მოიგეს. ეს ყველაფერი იუვენტუსმა პარატიჩის ხელმძღვანელობით მოიპოვა.

„მე მახსენდება ის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში ფაბიოს მუშაობის შედეგად მოვიდნენ, როგორებიც არიან კარლოს ტევესი, პაულო დიბალა და კრიშტიანუ რონალდუ. ჩემი ერთადერთი სინანული რობინ ვან პერსია, რომელთანაც ჩემს სახლში ვახშამიც კი გვქონდა.

„ვფიქრობ, რომ პარატიჩი იუვენტუსში მოვიდა როგორც ბიჭი და მას ტოვებს როგორც წარმატებული, შემდგარი კაცი, გამარჯვებული. ჩვენ ჩემს ოფისში ძალიან გრძელი საუბარი გვქონდა და მივედით დასკვნამდე, რომ ორივე მხარისთვის ახალი თავის დაწყების დროა.

„ჩემი და თითოეული იუვენტუნოს სახელით, გეუბნები: მადლობა ფაბიო, ამ ფანტასტიკური წლებისთვის, ახლა კი დილის 7 საათზე აღარასოდეს დამირეკო.“

გათიშვა