Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანიელი:“ იუვენტუსის მიღწევებს ვერ აფასებენ“

იუვენტუსის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

„გასულ სეზონში გუნდმა კარგი შედეგები აჩვენა, თუმცა ამასთან ერთად დიდი იმედგაცრუებაც ვნახეთ.

„იანვარში ჩვენ გუნდის კაპიტალი 300 მილიონი ევროთი გავზარდეთ და ამ თანხით გვსურდა, რომ გუნდის კონკურენტუნარიანობა შეგვენარჩუნებინა, ბრენდის ცნობადობა გაგვეზარდა  და ფინანსური ოპერაციები შეგვესრულებინა, თუმცა კორონა ვირუსის გამო ამ თანხის დახარჯვა სხვა მიმართულებით მოგვიწია.“

კორონა ვირუსი იუვენტუსის რამდენიმე წევრს დაუდასტურდა, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუსა და უესტონ მაკკენის.

„მთელი გუნდი, პაველ ნედვედის, ფედერიკო ჩერუბინის და ფაბიო პარატიჩის ჩათვლით, იზოლაციაში იმყოფება. ჩვენ პროტოკოლით ნაკარნახებ რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ და ვემორჩილებით.

„ჩვენ ზედიზედ ცხრა სკუდეტო მოვიგეთ, თუმცა დამსახურებულ აღიარებას ვერც გულშემატკივრებისგან და ვერც სხვებისგან ვერ ვიღებთ, თუმცა რამდენიმე წელში ყველა მიხვდება, თუ რამდენად რთული რამ მოვახერხეთ.

„თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე წაგებული ორი ფინალი ძალიან ცუდ ტვირთად გვაწევს, რასაც გასულ სეზონში გამოთიშვაც ემატება.

„სარი ძალიან კარგი პიროვნებაა, კულტურული და კარგი იუმორით, ძალიან ბევრი კარგი თვისებით და ფეხბურთის განსხვავებული ხედვით და ძალიან გახარებული ვარ, რომ მან ჩვენთან ერთად ტიტულის მოგება მოახერხა.

„მიუხედავად ამისა, გასახდელში მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის გარკვეული ქიმია უნდა არსებობდეს, რაც სამწუხაროდ სარის შემთხვევაში ვერ დავინახეთ. მან გუნდს სკუდეტო მოუტანა და იუვენტუსის ისტორიაში გამარჯვებულ მწვრთნელად შევა.

„მოედნის მიღმა, კორონა ვირუსის სიტუაციამდე, ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. ჩვენ სპონსორებიდან 130 მილიონი გამოვიმუშავეთ და ინსტაგრამზე იუვენტუსი ყველაზე წარმატებული იტალიური ბრენდია – 2.2 მილიონი გამომწერით.“

ანიელიმ, რომელიც პარალელურად ECA(ევროპული კლუბების ასოციაცია)-ს პრეზიდენტიც არის, ფეხბურთზე კორონა ვირუსის გავლენაზე ისაუბრა.

„20-წლიანი წარმატებული ზრდის შემდეგ, წელს ევროპულმა ფეხბურთმა მნიშვნელოვანი ფინანსური ვარდნა ნახა. სიტუაცია ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ ამ წინაღობას ერთად უნდა გავუმკლავდეთ. 350 გუნდს მომდევნო 12-24 თვის მანძილზე კაპიტალის გაზრდა დასჭირდება, საერთო ჯამში 6 მილიარდ ევროზეა საუბარი. იუვენტუსმა ეს იანვარში უკვე გააკეთა.“

ანიელი ორი კვირის წინ Casa Milan-ში ინტერის და მილანის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებმა ბიზნეს-გეგმები განიხილეს.

„ჩემი იუვენტუსის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში სამივე გუნდს ერთი ინტერესი გვაქვს. მადლობელი ვარ ბატონი ჟანგის და პაულ სინგერის, რომელიც Elliott-ის ინტერესებს წარმოადგენს. თუ ჩვენ ინტერესებს სერია ა-ს განვითარებისკენ მივმართავთ, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.“

იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რონალდუმ და იუვენტუსის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდებში გამგზავრებით იზოლაციის წესები დაარღვიეს.

„ჩვენ იზოლაციაში შაბათს გადავინაცვლეთ და ვიცოდით, რომ წინ საკმაოდ დიდი ხანი თამაშები არ გვქონდა. ფეხბურთელებს ვუთხარით, რომ თუ ვინმეს სახლში წასვლა სურდა, მათ ამის გაკეთება შეეძლოთ. ისინი თავისუფალი მოქალაქეები არიან და ძალით ვერავის შევაჩერებთ.

„ვერ ვხვდები მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შეერთებოდა რონალდუ ნაკრებს. საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშზე ყველა ოცნებობს და ასეთ ბედნიერებაზე უარის თქმას ვერავინ ვერავის აიძულებს.“