Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბაიერნის დირექტორმა დავიდ ალაბას, დუგლას კოშტას და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა

ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენინგემ დავიდ ალაბას შესახებ ისაუბრა, რომელსაც ბაიერნთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურბა და მის სახელს იუვენტუსს უკავშირებენ.

„ყველა გუნდი თავისი შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს და გასაკვირი არ არის, რომ ტურინელები ალაბას კანდიდატურას განიხილავენ. ყველაფერი დავიდის ხელშია, ჩვენ მას კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზეთ და დატოვებს თუ არა ის გუნდს, მისი გადასაწყვეტია.“

ბაიერნს პაულო დიბალა არაერთხელ დაუკავშირეს.

„დიბალას შესახებ ჭორები ჩემს ყურამდეც მოვიდა, თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენ მისი გაფორმებით დაინტერესებულები არ ვართ. მეტიც, ბაიერნს მის აგენტთან არასოდეს უსაუბრია.“

სეზონის სტარტზე ბაიერნში იუვენტუსიდან იჯარით დუგლას კოშტა გადავიდა, რომლის ანგარიშზეც 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

„ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია, გამოვისყიდით თუ არა კოშტას. ჩვენ მისი თამაშით კმაყოფილები ვართ, გუნდს ასეთი მოთამაშე სჭირდებოდა და ბედნიერები ვართ, რომ ის ბაიერნში დაბრუნდა.“