Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაკაიოკო:“ ეს იმაზე ძლიერი მილანია, ვიდრე 2018 წელს იყო“

დღეს მილანმა ტიემუ ბაკაიოკო ოფიციალურად წარადგინა, რის შემდეგაც ფრანგმა ფეხბურთელმა პრეს-კონფერენცია გამართა.

„მილანში ჩემი ბოლო მატჩი კარგად მახსოვს. სამწუხაროდ მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, თუმცა მე ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი და როსონერის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შემეძლება. ეს გუნდი იმაზე ძლიერია, ვიდრე 2018 წელს იყო. ერთი სული მაქვს, თუ როდის მომეცემა ჩემს ახალ თანაგუნდელებთან თამაშის საშუალება. იმედია აქ 2 სეზონზე მეტი დავრჩები, ჩემი დამოკიდებულება მილანის მიმართ ყველამ კარგად იცის და მზად ვარ, გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.

„ქომაგები ? მილანის გულშემატკივრებთან შესანიშნავი დამოკიდებულება მაქვს. თავიდან მარტივი არ ყოფილა, მაგრამ დროთა განმავლობაში ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემა გაჩნდა.

„პიოლი ? მე მას უკვე ვესაუბრე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი გამოცდილება გუნდის სასარგებლოდ გამოვიყენო. მე მზად ვარ მწვრთნელის ყველა დავალება შევასრულო.

„მალდინი ? მე და პაოლოს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ის ჩემი მილანში ყოფნის დროს ძალიან მეხმარებოდა და რთულ მომენტებში ჩემს გვერდით იყო. ის დიდებული პიროვნებაა, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე.

„კესი ? მან ბოლო წლებში გაცილებით მოუმატა და უმაღლეს დონეზე ავიდა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და იმედია, ის როსონერის რიგებში დარჩება.

„იბრა ? გუშინ ვარჯიშის დროს ჩვენ ცოტა ვისაუბრეთ. ზლატანი და მისი განვლილი გზა ყველამ კარგად იცის, ის თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ მის გვერდით თამაში მომიწევს.

„რა მომენატრა გასულ 2 წელიწადში ? ქალაქი, ხალხი, გუნდი, ქომაგები. ამ წლების განმავლობაში მე ოჯახთან ერთად მილანში ხშირად ვისვენებდი.

„მიზანი ? მსურს, რომ მილანთან ერთად მაქსიმალურად ბევრი ტიტული მოვიგო.“