Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარეზის ინტერვიუ beiN Sport-თან

მილანის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელმაც როსონერის შემადგენლობაში 20 წელი გაატარა და 15 სეზონი გუნდის კაპიტანი იყო.

ის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. მილანის შემადგენლობაში, ბარეზიმ 3 ჩემპიონთა ლიგა, 6 სერია ა, 4 სუპერ თასი, 2 ევროპის სუპერ თასი და 2 ინტერკონტინენტალის ჩემპიონთა თასი მოიგო.

„ახლა უფრო მოწიფული ვარ, უფრო დაჭკვიანებული და ვხვდები, რომ ფეხბურთში მხოლოდ ტალანტი საკმარისი არ არის. თითოეული ფეხბურთელი ვალდებულია, რომ დაუღალავად იშრომოს და ეს ჩემი მთავარი სიძლიერე იყო.

„კაპიტნის სამკლაური ერთი შეხედვით ფაბრიკის უბრალო ნაჭერია, თუმცა ის, ვინც მას ატარებს, უდიდეს ეფექტს გრძნობს. მე მხოლოდ 22 წლის ვიყავი, როდესაც მისი ტარება მომიწია და თითოეულ თამაშში მიწევდა იმის დამტკიცება, რომ მე ამის ღირსი ვიყავი. ეს უბრალო ნივთი იმის გამბედაობას მაძლევდა, რომ გუნდისთვის ლიდერი ვყოფილიყავი.

„მილანში ბევრი შესანიშნავი წელი გავატარე, რომელიც ჩემს გულში ყოველთვის იქნება. კარიერის განმავლობაში უამრავ გამორჩეულ ფეხბურთელთან მითამაშია და ეს ჩემთვის დიდი პატივია.

„ვიცი, რომ მილანის გულშემატკივრები ჩემს ღვაწლს აფასებენ, მაგრამ ასევე ძალიან მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ სხვა გუნდის ქომაგებიც დიდი სითბოთი მომიხსენიებენ.

„ერთი რამ, რაც მილანში თამაშის პერიოდში ვისწავლე არის ის, რომ ამ გუნდს უდიდესი ფილოსოფია და მენტალობა აქვს. როდესაც ფეხბურთელი მილანის მაისურს იცვამს, ის საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებს და მოედანზე მაქსიმალურად უდნა დაიხარჯოს.

„ყოველთვის მწამდა, რომ ფეხბურთში ყველაფერს მივაღწევდი, რაც მსურდა და მილანის დახმარებით მე ეს შევძელი. სწორედ ამიტომ ვცდილობდი, რომ გუნდისთვის მადლობის ნიშნად ყოველთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი მიმეცა.“

ბარეზიმ ახლანდელ მილანზეც ისაუბრა.

„პანდემიის გამო ფეხბურთის შეჩერების შემდეგ, ფეხბურთელებში თითქოს რაღაც შეიცვალა. მათ სურთ დაამტკიცონ, რომ ის მილანი, რომელიც პანდემიამდე იყო, გუნდის რეალური სახე არ არის. ახლა მათ იმის საშუალება აქვთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ტოლ-სწორად ითამაშონ.

„რომელ ჩემს თანაგუნდელს შევადარებდი იბრაჰიმოვიჩს ? ვან ბასტენს და გულიტს. მათ შესანიშნავ ფიზიკურ მონაცემებთან ერთად ძლიერი ხასიათი ჰქონდათ. ეჭვგარეშეა, რომ იბრა იგივე სხვაობას ქმნის მოედანზე, როგორც გულიტი და ვან ბასტენი.

„რას ნიშნავს ჩემთვის მილანი ? ყველაფერს. ჩემი დებიუტის დღიდან ეს გუნდი ჩემს მეორე ოჯახად იქცა. მე მხვდა წილად პატივი, რომ გულშემატკივრებს ჩემი ბანერები სან სიროზე გამოეფინათ და მათ სიყვარულს პირველი დღიდან მოყოლებული ვგრძნობ.

„მილანის პროექტი ? მნიშვნელოვანია, რომ გუნდში ჩვენნაირი ფიგურები იყვნენ, რომ ისტორია არ დავივიწყოთ. ახალგაზრდა ფეხბურთელები ყოველთვის უფრო მოტივირებულები არიან, როდესაც გუნდის ლეგენდებთან ურთიერთობა უწევთ.

„მალდინი ? პაოლო ფენომენალური ფეხბურთელი იყო და ვფიქრობ, რომ მენეჯერის როლში ის არანაკლებ წარმატებული იქნება. ის ყოველთვის ხელმისაწვდომია, ყოველთვის მზად არის, რომ გუნდის თითოეულ წევრს დახმარების ხელი გაუწოდოს და სურს, რომ მილანი იქ დააბრუნოს, სადაც მისი ადგილია.

„რა შეიცვალა მილანში ბოლო წელიწადში ? პიოლიმ მოახერხა და გუნდს ხასიათი და ერთობა შესძინა. თითოეული ფეხბურთელი მზად არის, მწვრთნელის მითითებები ზედმიწევნით შეასრულოს და გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმი გააკეთოს.

„შეუძლია თუ არა მილანს სკუდეტოს მოპოვება ? მილანმა ყოველთვის უმაღლესი მიზნები უნდა დაისახოს და ამის განსახორციელების გამბედაობა ჰქონდეს. ბიჭებმა იციან, რომ მათ ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ გამარჯვების მიღწევა.

„ამ სეზონის სტარტიდან გუნდი სტაბილურად თამაშობს, რაც თავდაჯერებულობას გმატებს. ეს მილანი საკის გუნდს მაგონებს, როდესაც არავის ეგონა, რომ ჩვენ წარმატებებს მივაღწევდით. მონდომებით და მიზანდასახულობით შენ ისეთი რაღაცის მიღწევა შეგიძლია, რასაც სხვები შენგან არ მოელიან.

„დონარუმა ? ის ჩვენი პროდუქტია. ჯიჯო მილანში გაიზარდა და ნამდვილი მილანისტაა. მან გადაწყვეტილება წკვიანურად უნდა მიიღოს და მისი არჩეული გზით ბედნიერი უდნა იყოს.

„მე ჩემი განვლილი გზა არასოდეს მინანია. რთული პერიოდი მეც მქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ჯიჯომ უნდა გააანალიზოს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდის ლიდერია, გუნდის, რომელიც მის გულშია.“