Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბენასერის და კესის დომინაცია ნახევარდაცვაში გრძელდება

გუშინდელმა დერბიმ ძალიან ბევრი რამ დაგვანახა და მათ შორის ერთ-ერთი ის არის, რომ მილანს შესანიშნავი ნახევარდაცვა ჰყავს.

ბენასერის და კესის დუეტისთვის ინტერის წინააღმდეგ თამაში სერიოზული გამოცდა იყო და მათ თავი ამ გამოცდას არაჩვეულებრივად გაართვეს, რაც მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

მილანის ბოლოდროინდელ წარმატებაში კესის ფიზიკას და ბენასერის კრეატიულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და გუშინდელი შეხვედრა ამის კიდევ ერთი მაგალითია. სანდრო ტონალის გუნდში მისვლის მიუხედავად, დუო კვლავ ხელშეუხებელია და ბრეშას ყოფილი ვარსკვლავი სათამაშო დროს აქა-იქ თუ იღებს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ფაქტი ტონალისთვის ცუდი ნამდვილად არ არის. მას ყოველგვარი წნეხის გარეშე შეუძლია მილანს შეეჩვიოს და ადაპტაცია გაიაროს.

ტაქტიკურად რომ შევხედოთ, ბენასერი და კესი ერთმანეთს იდეალურად ავსებენ. ბენასერსი უჭკვიანესი ფეხბურთელია, რომელსაც გუნდის შეტევების წარმართვა ევალება და პიოლის გუნდს საჭირო ენერგიას მატებს.

კესი კი ფიზიკურად ძლიერი და ათლეტურობით გამორჩეული ფეხბურთელი, რომელსაც ადვილად ვერავინ გაცდება. მილანის ტვინი და კუნთები როსონერის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი დუოა.

ინტერთან მატჩის დროს მათ არა მხოლოდ გაანეიტრალეს მოწინააღმდეგეთა ნახევარდაცვა, არამედ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში დიავოლოს უდიდესი დახმარება გაუწიეს და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ‘ნერაძურის გამოცდა’ წარმატებით ჩააბარეს.