Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბენასერი მილანში გადასვლის მიზეზებზე საუბრობს

ისმაელ ბენასერი მილანში გადასვლის შემდეგ სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და ფრანკ კესისთან ერთად ლიგაში საუკეთესო დუეტი შექმნა.

ბენასერი მილანს 2019 წელს, ემპოლიდან შეუერთდა და კვირიდან კვირამდე ის თავის საუკეთესოდ წარმოჩენას ახერხებს.

დღეს ფეხბურთელს 23 წელი შეუსრულდა და Goal.com-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც არსენალში თამაშის პერიოდიც გაიხსენა, სადაც არც თუ ისე წარმატებული პერიოდი გაატარა.

„რატომ არ აეწყო ჩემი კარიერა არსენალში ? მე მაშინ მხოლოდ 17 წლის ვიყავი და ბევრი შანსი არ მომცემია. ჩემი დებიუტი თასის მატჩზე, შეფილდის წინააღმდეგ შედგა, სადაც რამდენიმე ბურთი დავკარგე, რამდენიმე დავიბრუნე, თუმცა მე ისეთ პოზიციაზე მათამაშეს, სადაც ცხოვრებაში პირველად ვთამაშობდი.

„მოედანზე გასვლის შემდეგ უდიდესი ზეწოლა ვიგრძენი, რისთვისაც მაშინ მზად არ ვიყავი, მაგრამ არსენალში გადასვლას არ ვნანობ, რადგან იქ იოზილთან და კაზორლასთან ერთად ვარჯიში მომიწია და მათგან ბევრი რამ ვისწავლე.

„არსენალთანკონტრაქტის მიხედვით კიდევ 4 წელი მქონდა დარჩენილი, თუმცა ვიცოდი, რომ იქ ბევრი დრო არ მომეცემოდა. ემპოლის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მათ ჩემი გაფორმება ძალიან უნდოდათ და გადავწყვიტე, არსენალიდან სერია ბ-ს გუნდში გადავსულიყავი.

„შემდეგ კი გამოჩნდა მილანი, უდიდესი ისტორიით და ამბიციური პროექტით, რომელიც ჩემს მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე დღეს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის ღირსებას ვიცავ.“