Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბეპე მაროტა:“ დიდ ტრანსფერებს არ უნდა ელოდოთ, ინტერის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა“

სეზონის სტარტის წინ ინტერის გენერალურმა დირექტორმა პრესკონფერენციაზე სატრანსფერო ფანჯრის და გუნდის მიზნების შესახებ ისაუბრა.

„პირველ რიგში მინდა სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს უდიდესი მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რაც მათ ბოლო თვეების განმავლობაში გასწიეს და ფეხბურთის და სხვა სპორტული სახეობების გეგმის მიხედვით დაწყებას შეუწყეს ხელი.

„წინ უცნაური სეზონი გველოდება, რადგან წინა სულ ახლახანს დასრულდა და სათანადოდ მომზადების საშუალება არ გვქონია.

„სატრანსფერო ფანჯარა ? პანდემიის შემდეგ არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე დიდ ინვესტიციებს ვერ განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, გუნდის გაძლიერებაზე ვმუშაობთ, თუმცა ნებისმიერი ევროპული გრანდის მსგავსად, დიდ თანხებს ტრანსფერებში ვერც ჩვენ ვერ დავხარჯავთ.

„გასულ სეზონში გუნდმა შესანიშნავი შედეგები დააფიქსირა, რაშიც დიდი წვლილი ანტონიო კონტეს მიუძღვის. ანტონიო შესანიშნავი სპეციალისტია, რომელსაც ძალიან ბევრი კარგი თვისება აქვს, თუმცა გამორჩეული მაინც მისი საქმისადმი მიდგომა და მონდომებაა.

„მომავალ სეზონში ჩვენი მთავარი მიზანი საუკეთესო 4-ეულში შესვლა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდი ტიტულებისთვის არ იბრძოლებს.

„რა ბედი ელით პერიშიჩს და ნაინგოლანს ? ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ისინი გუნდს დაუბრუნდნენ. ახლა მათ მომავალზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ყველას გაგვიხარდება, თუ ორივე მათგანი ჩვენთან დარჩებიან და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარებიან.

„ინტერს გადატვირთული შემადგენლობა ჰყავს ? ვერ დაგეთანხმებით. წინ დამღლელი და რთული სეზონი გველოდება, სადაც თითო მატჩში 5 ცვლილების საშუალება გვექნება, აქედან გამომდინარე ღრმა სათადარიგო სკამის ყოლა მნიშვნელოვანია.

„1000 მაყურებელი სტადიონებზე ? როგორც FIFA-ს კვლევამ აჩვენა, ევროპული გრანდები პანდემიის გამო დაახლოებით 4 მილიარდი ევროს ზარალს ნახავენ, რასაც 1000 გულშემატკივარი ნამდვილად ვერ უშველის ,თუმცა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებთ, ამიტომ ჩვენ უსაფრთხოების პროტოკოლს მაქსიმალურად დავიცავთ.

„ფეხბურთს გულშემატკივრები სჭირდება და პირიქით, თუმცა კორონა ვირუსი ჯერ არსად გამქრალა და ჩვენ ამას საფრანგეთში, გერმანიასა და ინგლისში ყოველდღე ვხედავთ.

„შკრინიარის და რანოკიას მომავალი ? ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, ყველაფერი აუსილიოს და კონტეს შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.“