Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ იტალიას უემბლიზე თამაში არ აშინებს“

ლეო ბონუჩიმ ევროპის ჩემპიონატის ფინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აძურისთვის უემბლიზე თამაში დამატებითი მოტივაცია იქნება.

„ფინალში გამარჯვება იტალიური ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

„ეს იქნება ძალიან დიდი სიამოვნება ყველა იტალიელისთვის. ჩვენ თავის გასამართლებელი არანაირი საბაბი არ გვაქვს, იტალიას გამარჯვება შეუძლია და ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება შეხვედრა.

„თამაში უემბლიზე ? ჩვენ ეს არ გვადარდებს და შესაძლოა პირიქით, მოტივაციასაც კი გვმატებს. ჩვენ გვინდა მოედანზე გავიდეთ, ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ.

„ინგლისს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და ვიცით, რომ მათ ჩვენთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ. ჩვენ მათ სიჩქარეებს სათანადო ყურადღება უნდა მივაცქიოთ და სივრცეები მაქსიმალურად შევზღუდოთ.

„კეინი ? ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, მაგრამ ჩვენ მსოფლიო დონის ფორვარდებს უკვე შევხვდით და მათ გავუმკლავდით. ჩვენ გოლების გაშვება არ გვსურს, ამიტომ ეს დამატებითი მოტივაციაა.

„კარგი შეტევის გარდა, ინგლისს კარგი დაცვა ჰყავს, რაც მათი გაშვებული გოლების რაოდენობაზეც მიუთითებს. მაგუაერი და სტოუნსი მანჩესტერულ გუნდებში შესანიშნავად თამაშობენ.“

ბონუჩი და კიელინი ერთ-ერთ საუკეთესო დაცვის დუეტად მოიაზრება.

„ჩვენ სეზონს 12 ივლისს დავასრულებთ და 2 დღის შემდეგ უქმეებზე ერთად მივდივართ, ჩვენ უკვე დიდი ხანია ერთმანეთის კარგი მეგობრები ვართ და ეს მოედანზეც ძალიან გვეხმარება.

„როგორ მოვემზადები ფინალისთვის ? საბედნიეროდ მე ასეთი მომენტები საკლუბო და სანაკრებო დონეზე ბევრი მქონია, ამიტომ საკმაოდ მშვიდად ვარ და იმედი მაქვს, რომ ჩემს სიმშვიდეს თანაგუნდელებსაც გადავცემ.“

იტალია ისტორიაში მეათე დიდი ტურნირის ფინალს ითამაშებს, სულ რამდენიმე წლის შემდეგ, რაც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ვერ გადალახა…

„ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ კრიზისი დიდი ხანი არ გაგრძელდებოდა. მანჩინიმ გუნდში მოსვლის დღიდან გუნდის მოტივაცია მოახერხა და ჩვენ გვინდოდა, იტალია იქ დაგვებრუნებინა, სადაც რეალურად მისი ადგილია. ახლა ჩვენ უფრო გამოცდილები ვართ და ახალგაზრდა ფეხბურთელებიც კი ყველაფერს დიდი მონდომებით და პროფესიონალიზმით ეკიდებიან.

„3 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ დღეს აქ ვიქნებოდით, მაგრამ ახლა იტალიის რეალური ძალა ყველამ დაინახა და ჩვენ მიზნამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს.“