Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბუფონი:“ რონალდუსთან ერთად, იუვენტუსმა გუნდური ერთობა დაკარგა“

ლეგენდარულმა იტალიელმა კიპერმა ჯიჯი ბუფონმა Tudn.com-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რონალდუ ? იუვენტუსს კრიშტიანუს მისვლის პირველივე წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ჰქონდა, მე მაშინ პსჟ-ში ვიყავი და არ ვიცი, რა მოხდა.

„როდესაც გუნდში დავბრუნდი, რონალდუსთან ერთად კარგი პერიოდი გავატარეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ იუვენტუსმა გუნდურობა დაკარგა.

„ჩვენ 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავაღწიეთ იმიტომ, რომ ძალიან გამოცდილები ვიყავით, თუმცა ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გუნდი ერთიანი იყო და შიდა კონკურენციასაც კი ძალიან პოზიტიურ გარემოში ვხვდებოდით, ჩვენ რონალდუსთან ერთად ეს გრძნობა დავკარგეთ.“

ბუფონმა, რომელიც პარმასთან ერთად სერია ბ-ში ასპარეზობს, საკუთარ მომავალზეც ისაუბრა.

„ჩემი მომავალი ? ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, რა მოხდება მომდევნო წლიდან. სიმართლე რომ გითხრათ, ამერიკაში ან მექსიკაში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.

„არის გარკვეული გამოწვევები, რომელთა გამოცდაც მსურს, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. ჩემს თავს კარგად ვიცნობ და მე ჯერ კიდევ მსურს, რომ განვითარება გავაგრძელო.

„შესაძლოა ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოვახერხე, ჩემში პაექრობის და ახალი გამოწვევების ძებნის სურვილს არ აქრობს. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, მე სავარაუდოდ კარიერას უკვე დავასრულებდი, რადგან სერიოზული მიზანი აღარ მექნებოდა.“