გამარჯვებულები და დამარცხებულები არტური-პიანიჩის გაცვლის შემთხვევაში

იუვენტუსი და ბარსელონა ფეხბურთელების გაცვლასთან ძალიან ახლოს არიან და გავრცელებული ინფორმაციით,ტრანსფერი სულ რამდენიმე დღეში დადასტურდება.ბიანკონერის თავიდან პიანიჩის სანაცვლოდ ჩელსიდან ჟორჟინიოს მიყვანა სურდათ,თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა და ტურინელები არტურის ტრანსფერზე გადაერთვნენ.

გამარჯვებულები:

არტური & პიანიჩი

ორივე ფეხბურთელი საკმაოდ ცუდ სეზონს ატარებს.პიანიჩმა მაურიციო სარის იმედები არა ერთხელ გაუცრუა,რის შესახებაც იტალიელმა სპეციალისტმა თავად ისაუბრა.

არც ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა გაიმეტა სასიამოვნო სიტყვები არტურის შესახებ და მას ბარსელონაზე კონცენტრაციისკენ მოუწოდა.

ასეა თუ ისე,ორივე ფეხბურთელმა სეზონი ჩააგდეს,რაც მათ სათამაშო დროზეც აისახა და გუნდის და გარემოს შეცვლამ შესაძლოა მათზე კარგად იმოქმედოს.

იუვენტუსი

იუვენტუსი შესანიშნავ სვლას აკეთებს.30 წლის ფეხბურთელს,რომელმაც 35 შეხვედრაში 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა,ცვლიან 23 წლის ფეხბურთელში,რომელსაც 26 შეხვედრაში 4 გოლი და 4 ასისტი აქვს.

არტურმა თუ გაამართლა და ისე ითამაშა,როგორც ამას მისგან ელიან,ხომ კარგი,თუ არა და ტურინელებს მისი გაყიდვა საკმაოდ სარფიანად შეეძლებათ.

დამარცხებული – ბარსელონა

კატალონიელებმა ბოლო წლებში კოუტინიოს,გრიზმანის და დემბელეს ტრანსფერებში 385 მილიონი ევრო დახარჯეს და როგორ გაამართლა ამ ტრანსფერებმა,თავად განსაჯეთ.

ახლა,30 წლის ფეხბურთელის 70 მილიონ ევროდ შეფასებას დაეთანხმა და არტურის სანაცვლოდ,რომელიც 80 მილიონად არის შეფასებული,პიანიჩს და 10 მილიონს მიიღებს.რამდენად ღირს ბრაზილიელი 80 მილიონი ევრო სხვა საკითხია,თუმცა 30 წლის პიანიჩი,რომელსაც თამამად შეიძლება ითქვას,რომ მიმდინარე სეზონში ნორმალურად სულ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა,70 მილიონი ევრო აშკარად გადაჭარბებულია და მათ შორის 10 მილიონზე მეტი სხვაობა აშკარაა.

ამას დავუმატოთ ხელფასები.პიანიჩი იუვენტუსში 7.5 მილიონ ევროს იღებს და ნაკლებად სავარაუდოა,რომ დაკლებაზე თანხმობა განაცხადოს.არტური კი ესპანეთში სეზონში 3 მილიონ ევროს იღებს.

კიდევ ერთი შეცდომა 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 23 წლის ფეხბურთელის გაშვებაა.33 წლის არტურო ვიდალი,32 წლის ივან რაკიტიჩი და 32 წლის სერხიო ბუსკეცს კიდევ 30 წელს გადაცილებული მირალემ პიანიჩი დაემატება.

Leave a Reply

Your email address will not be published.