Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

განსხვავებული ინფორმაცია კიეზას იუვენტუსში ტრანსფერზე

იუვენტუსი და ფიორენტინა ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობენ და იტალიურ მედიაში დღეს ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა.

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინელებმა ტრანსფერში მატია დე შილიოს და დანიელე რუგანის ჩართვა დააპირეს, თუმცა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ფიორენტინას სურს, მერიჰ დემირალია, რომელიც ბიანკონერისთვის ხელშეუხებელია.

SportItalia და Gazzetta dello Sport კი ამტკიცებენ, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. მათი ინფორმაციით, კიეზა იუვეს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, რის სანაცვლოდაც გუნდი 10-12 მილიონ ევროს გადაიხდის, შემდგომში კი მისი გამოსყიდვის ვალდებულება 50 მილიონად დაეკისრება, რასაც 4 წლის განმავლობაში გადაიხდის.

გავრცელებული ინფორმაციით, კიეზამ იუვესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ის სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

იუვე თანხის მოსაძიებლად დუგლას კოშტას, დანიელე რუგანის და მატია დე შილიოს გაყიდვას ცდილობს, ხედირასთან კი კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა ტურინელებს აჩქარება მოუწევთ, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 4 დღე რჩება.