Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ მილანთან 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ, იქამდე კი კოპას მოგება გვსურს“

ჯან პიერო გასპერინიმ Coppa Italia-ს ფინალის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„Coppa Italia ატალანტასთვის შესანიშნავი სეზონის დიდებული დასასრული იქნება. ჩვენ ასეთი დონის მატჩებში სათამაშოდ 5-წლიანი, გრძელი და დამღლელი გზა გამოვიარეთ და უკვე მზად ვართ, ტიტულისთვის ვიბრძოლოთ.

„ბოლოს კოპას ფინალში 2 წლის წინ, ლაციოს წინააღმდეგ ვითამაშეთ და სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ მას შემდეგ გუნდი ძალიან გაიზარდა. როდესაც შენ ასეთი დონის მატჩში თამაშის საშუალება გაქვს, გასამარჯვებლად ყველაფერი უნდა გააკეთო, რადგან ტიტულის მოგების შემთხვევაში ისეთ გამოცდილებას და თავდაჯერებულობას იძენ, როგორიც იქამდე არასოდეს განგიცდია. ჩვენ ფინალისკენ მიმავალ გზაზე კალიარი, ლაციო და ნაპოლი გამოვთიშეთ, ამიტომ აქ ყოფნა დავიმსახურეთ.

„მე ატალანტას შედეგებით კმაყოფილი ვარ. სერია ა-ში ორი ტიტულის მოგება შეგიძლია, სკუდეტო და კოპა იტალია, მაგრამ ჩვენ ამ სეზონში 23 მატჩში გავიმარჯვეთ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი მიღწევაა.“

იუვენტუსმა ამ სეზონში ატალანტას დამარცხება ვერ მოახერხა. ბერამოელებმა სახლში ტურინელებთან 1 – 1 ითამაშეს, გასვლაზე კი ბიანკონერის 1 – 0 დამარცხება მოახერხეს.

„ყველა მატჩი განსხვავებულია და გასულ შედეგებს არანაირი აზრი არ აქვს. როდესაც შენ ისეთ გუნდებს ეთამაშები, როგორიც იუვენტუსი და რეალია, ფავორიტები ყოველთვის ისინი იქნებიან.

„მართალია იუვენტუსი ისეთ სეზონს ვერ ატარებს, როგორსაც მათგან გასული 9 წლის განმავლობაში მივეჩვიეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ხარისხი დააკლდათ, უბრალოდ ამ სეზონში ჩვენ ძალიან კარგად ვიასპარეზეთ და სატურნირო ცხრილში მათზე წინ ადგილი დავიმსახურეთ.

„მილანთან მატჩი ? ჩვენ თითოეულ მატჩში გამარჯვებას ვგეგმავთ და განხვავება არც ეს შეხვედრა იქნება. როსონერის დამარცხების შემთხვევაში, ატალანტა სერია ა-ს მეორე ადგილს დაიკავებს, რაც ძალიან დიდი მიღწევაა.“