Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გატუზოს შეცვლის 3 კანდიდატი ნაპოლიში

ბოლო პერიოდში წარმატებული თამაშის მიუხედავად, რის შემდეგაც პარტენოპეი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დაბრუნდა, გატუზოს გუნდიდან წასვლის შესახებ ხმები არ წყდება.

რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, დე ლაურენტისსა და გატუზოს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, რინოს გუნდიდან წასვლა სეზონის ბოლოს გადაწყვეტილია და გუნდი მის შემცვლელს აქტიურად ეძებს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, ამ ეტაპზე დე ლაურენტისი 3 კანდიდატს განიხილავს.

წყაროს ცნობით, სიას ინტერის და რომას ყოფილი თავკაცი ლუჩიანო სპალეტი ლიდერობს, რომელთანაც გუნდი მოლაპარაკებებს უკვე აქტიურად აწარმოებს.

წყაროს ინფორმაციით, მეორე ვარიანტი ლილის მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტერი გახლავთ. 54 წლის სპეციალისტი ფრანგულ გუნდში 2017 წლიდან მუშაობს და მისი ხელშეკრულება 2021 წელს იწურება.

ბოლო ვარიანტი კი ვინჩენცო იტალიანოა, რომელმაც სპეციას სერია ა-ში აღზევებაში უდიდესი როლი ითამაშა და დიდი ალბათობით გუნდის უმაღლეს ლიგაში დატოვებას მოახერხებს.