Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ იბრა იმაზე უკეთესია, ვიდრე 10-12 წლის წინ”

ჯენარო გატუზომ მილანთან მარცხზე ისაუბრა.

„ბაკაიოკოს წითელი ? მე ინდივიდუალურ შეცდომებზე ლაპარაკს არ ვაპირებ. ეს მარცხი სრულიად ჩვენს კისერზეა. ჩვენ შევქმენით შანსები, ოღონდ არა ჩვენთვის, არამედ ჩვენი მეტოქეებისთვის.

„ყველა შეცდომა, რომელსაც გუნდი მოედანზე უშვებს, ჩემი ბრალია. დიდ თამაშებში რაღაც გვემართება, იმის მაგივრად, რომ ასეთ მატჩებში უფრო დიდი მოტივაციით გავიდეთ, ყველაფერი საპირისპიროდ ხდება და ეს ყოველთვის მწვრთნელის ბრალია.

„ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გვაკლია და რისი გაკეთება არ შეგვიძლია. ეს უიღბლობის ბრალი არ არის, ეს ჩვენი თამაშისადმი მიდგომაა, რადგან მხოლოდ ტექნიკა და ფეხბურთელების ხარისხი არ კმარა.

„ამ თემაზე უკვე ბევრჯერ მომიწია საუბარი, რაც ძალიან მტკენს გულს. თუ მაღალი მიზნებისთვის გვინდა ბრძოლა, ამ ასპექტში აუცილებლად უნდა მოვუმატოთ.

„იბრა ? ის იმაზე უკეთესი ფეხბურთელი ჩანს, ვიდრე 10-12 წლის წინ იყო. მილანი ფლანგებიდან ხშირად აწოდებდა, რადგან მათ იცოდნენ, რომ იქ ზლატანი დგას და თავის გასაკეთებელს ყოველთვის გააკეთებს.”

ნაპოლიმ ბოლო 3 საშინაო შეხვედრა ალკმაართა, სასუოლოსთან და მილანთან წააგო.

„ჩვენ კონკრეტულ ინციდენტებზე არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ ყველა თამაში მოვიგეთ, როდესაც თვალებში და გულში ცეცხლი გვენთო და თუ ყველა შეხვედრაში ასეთი მიდგომით ვითამაშებთ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ თამაშს მოდუნებულები და მოუმზადებლები შევხვდით, ყველაფერი მენტალობის ბრალია, რამაც ხელი არაერთხელ შეგვიშალა. ეს ჩემი ბრალია, ალბათ მათთან საუბარს მეტი დრო უნდა დავუთმო, რადგან ფეხბურთელების სწორად მომართვა და მათი მენტალური სიძლიერე მწვრთნელის საზრუნავია.

„ჩემს დროს ფეხბურთი სულ სხვანაირი იყო. ახლა თითოეულ შეცდომაზე ფეხბურთელები მსაჯთან წუწუნებენ, ერთმანეთს ეჩხუბებიან, ყველაფერს იღბალს აბრალებენ…“