Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ ოსიმენი შეცდომებისთვის პასუხს აგებს“

ჯენარო გატუზო კალიარის დამარცხების მიუხედავად ბოლომდე ბედნიერი არ ჩანდა და განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენს შეცდომებისთვის გადახდა მოუწევს.

პარტენოპეიმ 3-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და კალიარი ზელინსკის შესანიშნავი თამაშის და მისი დუბლის წყალობით 4 – 1 დაამარცხა.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ზელინსკის ბურთთან ერთად შესანიშნავი რაღაცეების გაკეთება შეუძლია. მისთვის შეტევის მიმართულების შეცვლა ან მცველებზე თავად წასვლა და მათი მოტყუება პრობლემას არ წარმოადგენს.

„მას აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ დიდებული მოთამაშე გახდეს, მას უბრალოდ მატჩის ბოლო მესამედში მონდომება აკლია. ზელინსკი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

„საბოლოო შედეგი კარგია, თუმცა თამაშით კმაყოფილი არ ვარ. მატჩში, რომელშიც 10 საგოლე მომენტს შევქმნით და მხოლოდ 4-ს გამოვიყენებთ, პოზიტიურად ვერ მივიღებ. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შეტევის ხაზში პრობლემები გვაქვს, გუნდი ძალიან ბევრ საგოლე მომენტს ქმნის და მათი უკეთესად გამოყენება გვმართებს.“

ერთ-ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენია, რომელმაც ნაკრებში თამაშის დროს მხარი ამოიგდო და გუნდს გამოაკლდა. მან ნიგერიაში დაბადების დღე გამართა, სადაც უამრავი ხალხი დაპატიჟა და იტალიაში დაბრუნების შემდეგ კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

„როდესაც მე შეცდომას ვუშვებდი, მარჩელო ლიპი ჩემს თავთან მარტო მტოვებდა, რომ ჩემი შეცდომები კარგად გამეაზრებინა და ახლა ამის გაკეთება ოსიმენს მოუწევს.

„მან ბოდიში უკვე მოიხადა. ვიქტორი ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად იხარჯება, თუმცა ახლა მან დიდი შეცდომა დაუშვა და მან ეს იცის. მე ვარ მწვრთნელი, ფეხბურთელების ჯარიმების და დასჯის საკითხს მე არ ვწყვეტ, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ნიგერიაში დაბრუნების საშუალება მე მივეცი, ამიტომ მისი საქციელი ჩემი დანაშაულიც არის.

„მან შეცდომა დაუშვა და შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევს.“