Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გატუზო:“ სკუდეტოზე საუბარი სისულელეა“

ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე სასუოლოს უმასპინძლა და 0 – 2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი პარტენოპეის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

„ჩვენ ბევრი შანსი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ახლა აქ ჯდომას და საუბარს იმ თემაზე, იყო თუ არა ვიქტორ ოსიმენის ვარდნის მომენტში პენალტი, აზრი არ აქვს. მსაჯებმა ასე შეაფასეს სიტუაცია და ჯობია, რომ მატჩზე ვისაუბროთ.

„ასეთი ინციდენტები ხდება და ამ თემებზე საუბარი ჩემი საქმე არ არის. ჩემი მოვალეობა გუნდის განსჯაა და ვამბობ, რომ ჩვენ უკეთ თამაში გვმართებდა. სასუოლო არის გუნდი, რომელიც ბევრ სირბილს გაიძულებს, ჩვენ კი ამისთვის მზად არ ვიყავით.

„ჩვენ ბევრი შანსი გვქონდა, სასუოლოს თავის ნახევარზე სივრცეები ყოველთვის რჩება, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო, თუმცა ჩვენი ცუდი პასების გამო ეს ვერ მოვახერხეთ. თუ სასუოლოს პრესინგის ქვეშ არ მოაქცევ, მაშინ ბოგა და ტრაორე ძალიან დიდ პრობლემებს შეგიქმნიან. ნაპოლის ტემპი დღეს ძალიან დაბალი იყო და გუნდს ამ ასპექტში ბევრი სამუშაო აქვს.

„სკუდეტო ? ამაზე საუბარი სისულელეა და ხალხის ლაპარაკს არ უნდა ვუსმინოთ. ჩვენი მიზანი ოთხეულში შესვლაა. წელს სერია ა ძალიან ძლიერი ჩემპიონატია, სადაც ყველა გუნდი ძალიან ჭკვიანურ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ თითოეულ შეხვედრაში ქულებისთვის ბრძოლა ბოლომდე გიწევს.“