დე ლაურენტისმა გატუზოს, სპალეტის და ნაპოლის სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრა
ნაპოლიმ 21 თებერვალს მედიასთან ყველანაირი კომუნიკაცია შეწყვიტა უკვე რამდენიმე თვეა გუნდის არც ერთი წარმომადგენელი კომენტარს არ აკეთებდა, თუმცა მედიასთან სიჩუმე დღეს გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავადვე დაარღვია და საინტერესო თემებზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა პრეს-კონფერენცია სერია ა-ს ბოლო ტურის თემით დაიწყო, რომელშიც პარტენოპეიმ ვერონა ვერ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზური იუვენტუსს დაუთმო.
„პირველი ტაიმის შემდეგ მე ბიჭებს გასახდელში ვესტუმრე და თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, რადგან ჩვენ შეხვედრას ვიგებდით და მიზნის მიღწევასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ახლა სინანულის და წარსულით ცხოვრების დრო არ არის და ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ.
„მედიასთან სიჩუმის მიზეზი ? ჟურნალისტები ხშირად ძალიან პროვოკაციულ და გამომწვევ კითხვებს სვამენ და მაშინ ჩვენ საკმაოდ რთული პერიოდი გვქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მწვრთნელის და გუნდის დასაცავად მედიასთან ყოველგვარი კავშირი გაგვეწყვიტა, რამაც საბოლოო ჯამში გაამართლა კიდეც.
„გატუზომ მუშაობა შესანიშნავად დაიწყო და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ რინოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, რის გამოც ის ისეთივე ეფექტური ვეღარ იყო.
„მე ვფიქრობდი, რომ ვერონასთან მატჩის შემდეგ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდით და გატუზოს კარგი ნოტით დავემშვიდობებოდით, მაგრამ ეს სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ.
„სიმართლე რომ გითხრათ, გატუზო დროებითი ვარიანტი იყო, რომელმაც გუნდიდან ანჩელოტის წასვლის შემდეგ გაჩენილი სიცარიელე უნდა ამოევსო. რინოს სკუდეტოც რომ მოეგო, ჩვენი გზები სეზონის ბოლოს მაინც გაიყოფოდა.
„მე სპალეტის მაშინ დავუკავშირდი, როდესაც გატუზო ცუდად იყო. საბედნიეროდ რინოს მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ჩვენ სპალეტისთან შეთანხმება უკვე მიღწეული გვქონდა.
„სპალეტი არის მწვრთნელი, რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა გაუკეთოს გუნდს ორგანიზება და გაუმკლავდეს სირთულეებს.
„სუპერ ლიგა ? ეს პროექტი შეცდომა იყო, მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გავაანალიზოთ, რომ გუნდებმა სახელფასო ხარჯები უნდა შეამცირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაპოლი და სხვა უამრავი გუნდი გაკოტრდება.
„ერთი ფეხბურთელის გაყიდვა შესაძლოა საკმარისი არ იყოს, ჩვენ უნდა გავუშვათ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან დიდ ხელფასს იღებენ. შესაძლოა რამდენიმე ტრანსფერი შეცდომა იყო, მაგრამ მე ძალიან გავერთე და ზედმეტად ძვირიანი ფეხბურთელები ვიყიდე, რომლებთანაც ხანგრძლივი კონტრაქტი გავაფორმეთ.
„დატოვებს თუ არა რომელიმე გუნდის ლიდერი ნაპოლის ? შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ხელშეუხებელი არავინ არ არის. ნაპოლის მთავარი მიზანი მომდევნო სეზონში ფინანსური ბალანსის შენარჩუნება და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იქნება.“