Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ მილანის სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა

ცნობილამ იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ როსონერის სატრანსფერო საქმიანობაზე ახალი დეტალები გაავრცელა.

„მილანსა და რეალს შორის ბრაჰიმ დიასის იჯარასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება. როსონერი ესპანელ ფეხბურთელს 2-3 მილიონის სანაცვლოდ 1-წლიანი იჯარით აიყვანს და მისი გამოსყიდვა 22 მილიონად შეეძლება, თუმცა მის კონტრაქტში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ბლანკოსს დიასის დაბრუნება 27 მილიონად შეეძლება.

„კესის რაც შეეხება, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ მილანმა ის უფასოდ დაკარგოს. როსონერიმ საკმაოდ მნიშვნელოვანი წინადადება უკვე გააკეთა, რაზეც უარი მიიღო და უახლოეს პერიოდში ისინი ფეხბურთელის აგენტს ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავენ.

„დალოტთან მიმართებაში ჯერჯერობით სიახლე არ არის. როსონერის მისი იჯარის გახანგრძლივება სურს, წითელ ეშმაკებს კი პორტუგალიელის სანაცვლოდ ფულის მიღება ახლავე სურს და იმის გათვალისწინებით, რომ მას მსურველები არ აკლია, მილანს ფეხბურთელის იჯარით დაბრუნება გაუჭირდება. თუ დიოგოს ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა, მალდინი რეალიდან ორიოსოლას გაფორმებას ეცდება.

„საფრანგეთის ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ჟირუს მომავალი უფრო მალე გადაწყდება. მილანს იმედი აქვს, რომ ლურჯები მისთვის მიცემულ პირობას შეასრულებენ და ვეტერან ფრანგ ფეხბურთელს უფასოდ გაუშვებენ.

„ჟირუს მომავლის მიუხედავად, მილანი იოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და რეალი ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ პრობლემა ფეხბურთელის ხელფასია.“