Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა:“ მილანთან გამომშვიდობების დრო მოვიდა…“

ჯიჯო დონარუმა მილანს სოციალური ქსელის მეშვეობით ოფიციალურად გამოემშვიდობა და ემოციური წერილი მიუძღვნა.

„ზოგი გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღებია, მაგრამ ისინი კაცის ზრდას უწყობს ხელს. მე მილანში მოვედი პატარა ბავშვი და 8 წლის განმავლობაში ამ მაისურს უდიდესი სიამაყით ვატარებდი. ჩვენ ვიბრძოდით, ვწვალობდით, ვიმარჯვებდით, ვტიროდით და აღვნიშნავდით თანაგუნდელებთან, მწვრთნელებთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ამ დიდი ოჯახის წევრები არიან, იმ ქომაგებთან ერთად, რომლებიც მილანის განუყოფელი ნაწილია.

„მე როსონერის მაისურით უმნიშვნელოვანესი პერსონალური რეკორდები დავაფიქსირე, როგორიც 16 წლის ასაკში სერია ა-ში დებიუტია, მე აქ გავატარე წლები, რომლებიც არასოდეს დამავწიყდება.

„ახლა კი დამშვიდობების დრო მოვიდა. ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის მარტივი არ ყოფილა და მას ალბათ ვერასოდეს ავხსნი, რადგან ასეთი სენტიმენტალური მომენტების სიტყვებით გადმოცემა რთულია.

„ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ზოგჯერ ცვლილებები საჭიროა, რომ ახალი გამოწვევები იპოვნო, რომელიც შენ ზრდაში დაგეხმარება.

„თითოეული როსონერი, რომელსაც მე აქ ყოფნის პირველივე დღიდან შევხვდი, ჩემს გულში სამუდამოდ იქნება და გახდება იმ თავგადასავლის ფუნდამენტი, რომელიც მე აქამდე გამოვიარე და წინ მელოდება.

„მილანს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და ამას მთელი გულით ვაკეთებ, მე ამ გუნდის მიმართ დამოკიდებულება არასოდეს შემეცვლება, სენტიმენტები, რომლებსაც დრო და მანძილი ვერაფერს დააკლებს.“