Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ევროპული გრანდები ბენასერზე ნადირობას იწყებენ

ისმაელ ბენასერი მილანის შესანიშნავი შედეგების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. მან ფრანკ კესისთან ერთად ნახევარდაცვაში შესანიშნავი დუეტი შექმნა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდის ხერხემლად იქცა.

მილანისთვის სამწუხაროდ, ფეხბურთელის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ნებისმიერ არაიტალიურ გუნდს მისი გამოსყიდვა 50 მილიონ ევროდ შეეძლება, რომლის გადახდაც ერთჯერადი ტრანზაქციით მოუწევს.

მილანმა ბენასერი ემპოლიდან 2019 წელს, 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა და ფინანსური კუთხით როსონერი მისი წასვლის შემთხვევაში საკმაოდ მსუყე თანხას მიიღებს, თუმცა სპორტული თვალსაზრისით ალჟირელ ფეხბურთელს ამ ეტაპზე ალტერნატივა არ ჰყავს, რადგან სანდრო ტონალი ჯერჯერობით მოლოდინებს ვერ ამართლებს და ისმაელის გუნდიდან წასვლა როსონერის თამაშს ნამდვილად არ წარადგება.

22 წლის ფეხბურთელის გაფორმების სურვილი არაერთმა ევროპულმა გრანდმა გამოთქვა, თუმცა ფავორიტად ჯერჯერობით მანჩესტერ სიტი ითვლება. გუარდიოლა ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია და სიტის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, 50 მილიონის გადახდა ნამდვილად არ გაუჭირდება.