Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ეშმაკები ჯოჯოხეთში ბრუნდებიან…

„ეშმაკები ჯოჯოხეთში ბრუნდებიან“ – სწორედ ამ სიტყვებით შეაფასა მილანის თამაში Corriere della Sera-მ კალიარის წინააღმდეგ.

გუშინ მილანის ქომაგები გუნდის წარმატებული გზის ლოგიკურ დასასრულს და ჩემპიონთა ლიგის საგზურის ოფიციალურად მოპოვებას ელოდებოდნენ, თუმცა დიავოლომ სან სიროზე კალიარის დამარცხება ვერ მოახერხა, უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და თავი ძალიან რთულ სიტუაციაში ჩაიგდო.

მილანი ოთხეულში ადგილს ინარჩუნებს და უახლოეს მდევარ იუვენტუსთან 1 ქულა აშორებს, თუმცა იუვესთან და ნაპოლისთან შედარებით, რომლებსაც შესაბამისად ბოლონიასთან და ვერონასთან უწევთ თამაში, მილანს ბერგამოში, ატალანტას წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

სერია ა-ს ბოლო და გადამწყვეტი ტური 23 მაისს გაიმართება და ყველა თამაში ერთდოულად, 17:00 საათზე დაიწყება, ამიტომ მილანს სხვა გზა არ ექნება და ბოლო წლებში კალჩოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდის – ატალანტას წინააღმდეგ 3 ქულისთვის თამაში მოუწევს, რადგან თუ იუვენტუსმა და ნაპოლიმ თავიანთი თამაშები მოიგეს, როსონერიმ კი ბერგამოელების დამარცხება ვერ მოახერხა, სტეფანო პიოლის გუნდი კვლავ ევროპა ლიგაზე ითამაშებს და ეს იქნება პირველი შემთხვევა სერია ა-ს ისტორიაში, როდესაც ზამთრის ჩემპიონი გუნდი ოთხეულში ადგილს ვერ მოიპოვებს…