Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვერატი:“ ფინალში უფრო მეტი ზეწოლა ინგლისზე იქნება“

მარკო ვერატიმ ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩვენ ნახევარფინალურ მატჩს ერთად ვუყურეთ. ინგლისს ფიზიკურად ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ მათ ასევე ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც ბურთთან ერთად მოძრაობა კარგად შეუძლიათ. ორივე გუნდმა ფინალში ყოფნა დაიმსახურა და ჩვენ წინ ურთულესი შეხვედრა გველოდება.

„ინგლისი ფინალს სახლში ითამაშებს და ეს საკმაოდ დიდი უპირატესობაა, მაგრამ ასეთი დონის სტადიონზე თამაში ჩვენც მოტივაციას შეგვმატებს და იქ არსებული ატმოსფერო გაგვაძლიერებს.“

ინგლისმა დანია საკმაოდ საეჭვოდ დანიშნული 11-მეტრიანის წყალობით დაამარცხა.

„რბილად რომ ვთქვათ, მსაჯმა ძალიან ხელგაშლილი გადაწყვეტილება მიიღო, მე ასეთ პენალტს არ დავნიშნავდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო, რომელმაც ფაქტობრივად ფინალისტის ვინაობა გადაწყვიტა.

„სტერლინგს რაც შეეხება, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც უკვე წლებია უმაღლეს დონეს აჩვენებს. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ იტალიის მეტოქე ინგლისი იქნება, რადგან წინ ორივე მხარეს ფანტასტიკური შეხვედრა ელოდება.

„ჩვენ გვსურს, რომ ფინალში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუნმი გამოვავლინოთ და ტურნირი ყოველგვარი სინანულის გრძნობის გარეშე დავასრულოთ.“

მედიაში გაჩნდა აზრი, UEFA ინგლისს ფინალში თამაშის საშუალებას იმიტომ აძლევს, რომ სწორედ ინგლისური გუნდების დამსახურებით ჩავარდა Super League-ს პროექტი და ეს ერთგვარი მადლობაა ჩეფერინის მხრიდან.

„დარწმუნებული ვარ, რომ მატჩს შესანიშნავი არბიტრი ეყოლება, რომელიც შეხვედრას ობიექტურად განსჯის და უემბლის ფაქტორი გადამწყვეტი არ იქნება.

„ვფიქრობ, რომ ინგლისზე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატი არასოდეს მოუგია, უფრო მეტი ზეწოლა იქნება, ჩვენ კი უფრო თავისუფლად ვითამაშებთ.“

იტალიამ ესპანეთის გარდა ყველა ოპონენტთან ბურთის დაჭერა მოახერხა.

„ინგლისთან მატჩი ესპანეთთან შედარებით განსხვავებული იქნება. ჩვენ ნახევარდაცვაში უკეთ თამაში გვმართებს და თამაშის ტემპი ჩვენი კარნახიხს მიხედვით უნდა წარიმართოს.

„საბედნიეროდ გუნდში ბონუჩი-კიელინი გვყავს, რომბლებიც რაც დრო გადის, უფრო უკეთესები ხდებიან. მათი ფენომენალური თამაში ნახევარმცველებს საშუალებას გვაძლევს, რომ შეტევაში უფრო აგრესიულები ვიყოთ.“