Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიდალი:“ ინტერს კონტეს გამო შევუერთდი“

არტურო ვიდალის თქმით, მან ინტერი პირველ რიგში ანტონიო კონტეს გამო აირჩია.

33 წლის ფეხბურთელი კონტეს იუვენტუსში 2011-15 წლებში თამაშობდა.

„ინტერი იმიტომ ავირჩიე, რომ ეს არის გუნდი ამბიციური პროექტით, რომელსაც სათავეში შესანიშნავი მწვრთნელი უდგას.

„გუნდმა გასულ სეზონში ევროპა ლიგის ფინალამდე მიაღწია, რადგან ფეხბურთელებს შიმშილი და სურვილი ეტყობათ, რომ რამე ღირსეულს მიაღწიონ, მეც სწორედ ამიტომ ვარ აქ, თუმცა ჩემს არჩევანზე ყველაზე დიდი გავლენა კონტემ მოახდინა. მე და ანტონიოს იუვენტუსში შესანიშნავი წლები გვაქვს გატარებული. გასულ ზაფხულში ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ინტერში გადმოვსულიყავი.

„ანტონიო ზუსტად ისეთივეა, როგორიც იუვენტუსში იყო. მას ფეხბურთი უყვარს და უდიდესი გამარჯვების უდიდესი სურვილი ამოძრავებს. შეცდომას თუ დაუშვებ, ის ძალიან ბრაზდება და ამას ყველას თვალწინ გეტყვის.

„ბარსელონაში ბედნიერი ვიყავი, ბევრი თანაგუნდელი ჩემი ახლო მეგობარი გახდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და მივხვდი, რომ გუნდის დატოვების დრო იყო. მე ინტერთან ერთად სერია ა-ს მოგება მსურს და ჩემპიონთა ლიგის თასზე ვოცნებობ. როდესაც ეს ოცნება ამიხდება, აღსანიშნავად  ტატუს გავიკეთებ…“