Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვინ შეცვლის ზლატანს ?

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ნაპოლისთან მატჩში ტრავმა მიიღო და შვედი ფეხბურთელი გუნდს მინიმუმ 10 დღე გამოაკლდა. სწორედ 10 დღის შემდეგ ჩაუტარდება მას განმეორებითი გამოკვლევა და გახდება ცნობილი, თუ როდის დაუბრუნდება ის მოედანს, მაგრამ ვინ შეცვლის ზლატანს ?

მილანი გასული სეზონის მეორე ნახევრიდან მოყოლებული შესანიშნავად თამაშობს, თუმცა იბრას ტრავმამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ გუნდს სათადარიგო სკამის გაძლიერება სჭირდება, რადგან ამ მომენტისთვის იბრას რეალური შემცვლელი მილანში არ არის.

მილანი საშობაო პაუზამდე ბოლო მატჩს 23 დეკემბერს, ლაციოს წინააღმდეგ გამართავს და არ არის გამორიცხული, რომ ზლატანის ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე მან ერთი თვე ვერ ითამაშოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მილანს თავისი მთავარი გოლეადორის გარეშე სერია ა-ში სამპდორიას, პარმას, ჯენოას, სასუოლოს და ლაციოს წინაღმდეგ, ევროპა ლიგაზე კი ლილთან და სპარტასთან მოუწევს თამაში.

პიოლის რამდენიმე ვარიანტი აქვს. პირველი ლორენცო კოლომბოა, მაგრამ ის მხოლოდ 18 წლის არის და რამდენად იქნება მზად, რომ იბრა შეცვალოს, თავად განსაჯეთ.

მეორე ვარიანტი რაფაელ ლეაოა, რომელიც ბოლო პერიოდში მარცხენა ფლანგზე ასპარეზობს და 2 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოასწრო, მაგრამ მისი პირველადი პოზიცია ცენტრალური თავდამსხმელი იყო.

მესამე და ყველაზე რეალური ვარიანტი კი ანტე რებიჩია, რომელიც ზლატანის არყოფნის პერიოდში გუნდის შეტევას გაუძღვება, როგორც ეს მან გასულ სეზონში გააკეთა.