ზაფხულში ინტერში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება
იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის რიგებში მიმდინარე სეზონის ბოლოს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბენეამატას რიგებს სეზონის ბოლოს მინიმუმ 6 ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის არიან რობერგო გალიარდინი, დანილო დ’ამბროზიო, სამირ ჰანდანოვიჩი და მილან შკრინიარი, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს.
ასევე გაურკვეველია სტეფან დე ვრეის მომავალი, რომელსაც კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურება და ბენეამატას მისი შენარჩუნება უნდა, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება.
ინტერი ეცდება ხოაკინ კორეას გასხვისებას, რომელმაც გუნდის მოლოდინების გამართლება ვერ შეძლო. კორეას გარდა, ლომბარდიული გრანდი დენზელ დუმფრისის გაყიდვას გეგამვს, რაც ფინანსურ სირთულეებში მყოფ გუნდს საჭირო თანხას მოუტანს.
საეჭვოა რომელუ ლუკაკუსა და ფრანჩესკო აჩერბის მომავალიც, ორივე მათგანი ინტერში იჯარის წესით ასპარეზობენ და თუ იტალიელი მცველი გუნდის მნიშვნელოვან წევრად იქცა, ბელგიელი ფორვარდი ჯერჯერობით მთავარი იმედგაცრუებაა.
Gazzetta-ს ცნობით, თუ ლუკაკუმ ინტერი დატოვა, ბენეამატა ლივერპულის ფირმინოს გაფორმებას ეცდება, რომლის კონტრაქტი სქაუზერებთან სეზონის ბოლოს იწურება. ასევე გრძელდება მარკუს ტურამზე მუშაობა, თუმცა ფრანგი ფორვარდის მიმართ კონკურენცია ძალიან დიდია.
ბეპე მაროტა უკვე შეუდგა შკრინიარის შემცვლელების ძიებას. როამს კრის სმოლინგი, აინტრახტის ევან ნდიკა, ატალანტას ჯორჯო სკალვინი და როდრიგო ბეკაო ნერაძურის სამიზნეები უკვე დიდი ხანია არიან, მაგრამ მწირი ფინანსების ფონზე, ბენეამატას იაფიანი ვარიანტებით დაკამყოფილება მოუწევს.