Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრაჰიმოვიჩი:“ გპირდებით, რომ იქამდე ვითამაშებ, როდემდეც ამას შევძლებ“

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანში დაბრუნების მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

39 წლის ფეხბურთელმა 6 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა და სერია ა-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

„ჩემს მილანში დაბრუნებას ყველა სკეპტიკურად უყურებდა, რადგან თითქმის ყველა ფეხბურთელი, ვინც როსონერიში დაბრუნდა, მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებდა.

„თუმცა ჩემი პასუხი ასეთი იყო, მე არასოდეს დამიკარგავს ვნება იმ საქმის მიმართ, რასაც ვაკეთებ. ყოველთვის როდესაც მოედანზე გავდივარ, თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობ, რომელიც ნაყინს პირველად ჭამს. ბურთი ჩემი საუკეთესო მეგობარია და მინდა, რომ მასთან ერთად ცხოვრების ბოლომდე დავრჩე.

„მილანში დაბრუნება, მისი მენტალიტეტის შეცვლა და გუნდში არსებული არეული სიტუაციის დალაგება ძალიან დიდი გამოწვევა იყო. მე თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ ის მილანი დამებრუნებინა, რომელიც მე ვიცოდი, რომელიც მთელმა მსოფლიომ იცოდა.

„როდესაც მე მოედანზე გავდივარ, მე ჩემი ხასიათი და შესაძლებლობები გამაქვს. ჩემს თანაგუნდელებზე ჩემი ყოფნა დიდი ზეწოლაა და ვცდილობ, რომ მათ ამასთან გამკლავებაში დავეხმარო.

„ზოგი ამას უმკლავდება, ზოგი ვერა. მათთვის ძნელია, რადგან ჩემს მოსვლამდე გუნდი თუ რამდენიმე თამაშში ერთხელ კარგად ითამაშებდა, კმაყოფილი იყო, მე კი მოვითხოვ, რომ ყოველთვის იდეალურად ვითამაშოთ, სხვანაირად მილანს არ ეკადრება.

„თუ შენ მილანის ფეხბურთელი ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გაქვს პოტენციალი, უმაღლეს დონეზე ითამაშო, ამიტომ ახალგაზრდამ თუ ასაკოვანმა მოედანზე ერთი შემართებით და მონდომებით უნდა იბრძოლოს.

„რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს მოედნის მიღმა უფრო სხვანაირად ვესაუბრები, მათზე სხვანაირად ვზრუნავ, მაგრამ მოედანზე ჩემთვის ყველა ერთია.“

უკვე ვრცელდება ხმები, რომ იბრა მილანში მომავალ სეზონშიც დარჩება.

„მე კმაყოფილი არასოდეს ვარ, მე ყოველთვის უფრო მეტი მსურს და სწორედ ეს შემართება მეხმარება, რომ ამ ასაკშიც კი მაღალ დონეზე ვითამაშო. მე ბევრი ფეხბურთელი არ მახსოვს, რომლებიც ჩემს ასაკში მაღალ დონეზე თამაშს ახერხებდნენ. მე ჩემს თავს ბენჯამინ ბატონს ვადარებ, დღითი დღე მე უფრო ახალგაზრდა და ძალებით სავსე ვარ. გპირდებით, რომ იქამდე ვითამაშებ, სანამ უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალებას ჩემი სხეული მომცემს.“