Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იბრაჰიმოვიჩი:“ მე ვერავინ შემაჩერებს“

39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც დერბიში ორი გოლის გატანა მოახერხა და მილანს 2 – 1 მოაგებინა, განაცხადა, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია.

„მილანს დერბი ოთხი წელი არ ჰქონდა მოგებული, მე კი კორონა ვირუსის გამო სახლში 2 კვირა მომიწია დარჩენა და მშიერი ვიყავი, რაც მოედანზე დავამტკიცე.

„ტესტს ყოველ მესამე დღეს ვიტარებდი და გამორიცხული იყო, რომ ჩემი შეჩერება ვინმეს მოეხერხებინა.

„ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ პენალტის გატანა ვერ მოვახერხე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდმა მოიგო. მე გუნდში ყველაზე ასაკოვანი ვარ და ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მთელი გუნდი მე მომყვება და ისინი ჩემსავით გამარჯვებაზე მოწყურებულები არიან.“

იბრას ჰკითხეს, იყო თუ არა გაკვირვებული თავისი თამაშით ამ ასაკში, თუმცა პასუხი, რა თმა უნდა, იყო – არა.

„ჩემი დონე კარგად ვიცი. ტრავმის შემდეგ ამერიკაში წავედი, რომ თავი ისევ ცოცხლად მეგრძნო. მანჩესტერში ჟოზეს ვუთხარი, რომ მზად არ ვიყავი და არ მინდოდა, რომ იმედები გამეცრუებინა, ამიტომ MLS-ში  თამაში გადავწყვიტე.

„შემდეგ რაიოლამ მითხრა, რომ მილანს ვჭირდებოდი და ევროპაში უნდა დავბრუნებულიყავი, რასაც რა თქმა უნდა დავთანხმდი. ახლა უფრო სრულყოფილი მოთამაშე ვარ, ვიდრე 10 წლის წინ ვიყავი. ის ფიზიკური მონაცემები რომ მქონდეს, რაც მაშინ, ვერავინ შემაჩერებდა, თუმცა დაივიწყეთ, ვერც ახლა ვერ მაჩერებს ვინმე…

„ბევრს ვვარჯიშობ, ვთამაშობ გამოცდილებით და მყავს თანაგუნდელები, რომლებიც მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ. მათ უფლებას არ მივცემ, რომ სვლა შეანელონ, არც ვარჯიშებზე და არც მატჩებში. ჩვენ ყოველთვის 200 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ.“

შესანიშნავი სტარტის შემდეგ, მოახერხებს მილანი სკუდეტოს მოგებას ?

„ჩვენ ახლა იმაზე ვფიქრობთ, რომ თითოეულ მატჩში 3 ქულა მოვიპოვოთ. როდესაც მე მოვედი, მიზანი ევროპა ლიგაზე გასვლა იყო და ჩვენ ეს შევძელით. ვფიქრობ, რომ სკუდეტოს მოპოვება შეგვიძლია, რადგან თუ გჯერა, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა იქამდე ჯერ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი…“