Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა:“ მე ჯერ კიდევ უძლიერესი ვარ, მეორე ნაბიჯის გაკეთება ჯერ ადრეა“

ლეგენდარულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელსაც დღეს 40 წელი შეუსრულდა, მილანი ოფიციალურ არხთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩემი დაბადების დღე ? ოქტომბრის თვეში ძალიან ბევრი ჩემპიონია დაბადებული, მე ეს არ ამირჩევია, ეს უბრალოდ ძლიერების ხვედრია.

„ახლა იბრა უფრო სრულყოფილი, მშვიდი და გამოცდილია. ახლა მე სულ სხვანაირად ვიქცევი და თავს უკეთ ვაკონტროლებ, მაგრამ მე კვლავ უძლიერესი ვარ.

„შემომრჩა თუ არა გეტოში გატარებული გამოცდილება ? მე სწორედ ასეთ უბანში გავიზარდე და როგორც აქამდე მითქვამს, შენ შეგიძლია ბიჭი გეტოდან წაიყვანო, მაგრამ გეტოს ბიჭიდან ვერასოდეს გააქრობ. მე ის ვარ, ვინც ვარ.

„წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები ? ვფიქრობ, რომ რაც მოხდა და ახლა ხდება, ასე უნდა ყოფილიყო. უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, მე არაფერს შევცვლიდი, რადგან მე თავს სრულყოფილად ვგრძნობ. თითოეული გადაწყვეტილება, არის ეს სწორი და არა, ჩემი ცხოვრების ნაწილია.

„ადამიანები, რომლებიც მე ბებერს მეძახიან, მოტივაციას მმატებენ. მე ყოველთვის მსურს მათ დავუმტკიცო, რომ ეს სიმართლე არ არის.

„პატო ? ის დიდებული ფეხბურთელი იყო, ყველაზე სრულყოფილი, რომელიც მე ოდესმე მინახავს. ვწუხვარ, რომ ტრავმების გამო მან თავისი პოტენციალის წარმოჩენა ვერ მოახერხა. როდესაც ის თავს კარგად გრძნობდა, მოედანზე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ სამწუხაროდ გაუთავებელმა ტრავმებმა მას მილანის ქომაგებისთვის თავისი პოტენციალის გამოვლენის საშუალება არ მისცა.

„ვინ დამეხმარა ყველაზე მეტად ? მე კარიერაში უძლიერესი ფეხბურთელების გვერდით მითამაშია, მაგრამ ყველაზე მეტად ვიეირამ გამაძლიერა. როდესაც ის ჩემი თანაგუნდელი გახდა, ჩემზე ძალიან დიდი ზეწოლა წამოვიდა. ის დაუღალავად ვარჯიშობდა, რაც თავის მხრივ მეც ვარჯიშისკენ მიბიძგებდა. მე ვთამაშობდი რონალდინიოს, მესის, ხავის, ინიესტას, ნედვედის, პირლოს, გატუზოს გვერდით, მე ამ სიის გაგრძელება საათობით შემიძლია…

„მანჩესტერში მიღებული ტრავმა ? ტრავმის მიღების შემდეგ მე მენტალურად გაცილებით ძლიერი გავხდი. შენ ამ დროს სხვანაირად მუშაობ, მეტი მოთმინება და საკუთარი თავის კონტროლი გმართებს.

„MLS-ში გატარებული პერიოდი ? მე როგორც ყოველთვის ამერიკაშიც თითოეულ მატჩში ბოლომდე ვიხარჯებოდი. მე მათ უფრო მეტი მივეცი, ვიდრე მათ მე. მათ იხილეს ის, რაც აქამდე არასოდეს უნახავთ, ადამიანი, რომელსაც არაფრის ეშინია. მე დავალება, რომ ვყოფილიყავი ჩემი თავი, სრულყოფილად შევასრულე. იქ მზე მენატრებოდა, მაგრამ მილანში ასეთი პრობლემა არ მაქვს.

„ახლა მე გაცილებით შევიცვალე. ვფიქრობ, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ, ყველა ფეხბურთელი იცვლება. მე ისე თამაში აღარ შემიძლია, როგორც ამას 5 წლის წინ ვაკეთებდი. მე ახლა თავს უფრო უნდა მოვუფრთხილდე და ძალები გადავანაწილო. ვიცი, რომ თუ არ გადავაჭარბებ, გუნდის დახმარება ჯერ კიდევ შემიძლია. მე ვიცი, რომ თუ ვარჯიშზე ბოლომდე არ დავიხარჯები, ამას არც ჩემი თანაგუნდელები გააკეთებენ, ამიტომ მე ყოველთვის 100 პროცენტს ვდებ, ეს ჩემი მენტალიტეტია. ფეხბურთელს შესაძლოა წარმოუდგენელი ტალანტი ჰქონდეს, მაგრამ თუ მენტალობა ხელს არ გიწყობს, ვერაფერს მიაღწევ.

„მილანში პრიველად მოსვლა ? თავიდან ეს ნორმალური მოვლენა იყო, მაგრამ მე ძალიან მალე თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში. მე Milanello-ზე მოვდიოდი და სახლში წასვლას არ ვჩქარობდი, რადგან უკვე სახლში ვიყავი.

„ჩემი თანაგუნდელები ? ისინი თავს კარგად გრძნობენ და ნებისმიერ სიტუაციაში ბრძოლისთვის მზად არიან. ვწუხვარ, რომ მათ ახლა ვერ ვეხმარები, მაგრამ მე ვიცი, რომ ისინი ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯებიან.

„მალდინი ? მე ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემი აქ ყოფნის მიზეზი გუნდის დახმარებაა და ვფიქრობ, რომ ამას ვახერხებ კიდეც.  პაოლო ახლა მენეჯერია და როგორც გაირკვა, ძალიან კარგი. ის გუნდისგან მოწყვეტილი არ არის, პაოლო ფეხბურთელებს ხშირად ესაუბრება, ასეთი მიდგომა კი ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშნელოვანია.

„ასევე არ შეიძლება მასარას დავიწყება, ივანის გამო კი ძალიან ვწუხვარ და იმედია ის მალე დაგვიბრუნდება. მილანში როდესაც ვიგებთ ჩვენ ერთნი ვართ, როდესაც ვაგებთ ერთნი ვართ, ეს ჩვენი ფილოსოფიაა.

„ჩემი მომავალი ? ჯერ მე თამაშზე ვფიქრობ, შემდეგ კი მეორე ნაბიჯზე ვიფიქრებ. ახლა ჩემი მთავარი მიზანია ვითამაშო მაქსიმალურად ბევრი, რამდენსაც მოვახერხებ. არ მინდა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ დამრჩეს გრძნობა, რომ მე თამაში კიდევ შემეძლო. მე ჯერ არ ვგრძნობ, რომ ფინიშის ხაზთან ვარ, რადგან გუნდის დახმარება ჯერ კიდევ შემიძლია. ჩემი მეორე ნაბიჯი გუნდზე იქნება დამოკიდებული.

„ჩემი ფილოსოფია ? არასოდეს იყო კმაყოფილი. მე ამ მენტალობის გადაცემას ჩემი შვილებისთვის ვცდილობ. ყველაფერი ადამიანის თავში იწყება, როდესაც მე ტიტულს ვიგებ, ამის გაკეთება კიდევ მსურს, სხვანაირი მიდგომით ვერც სპორტში და ვერც ცხოვრებაში წარმატებას ვერ მიაღწევ.

„როდესაც მე ვიგრძნობ, რომ მიღწეული შედეგებით კმაყოფილი ვარ, კარიერას დავასრულებ კიდეც. როდესაც დილით გაიღვიძებ და შენი თავით კმაყოფილი ხარ, ცხოვრებაში ახალი გამოწვევების დროა. ყოველი დარტყმა, ყოველი ნაბიჯი და ენერგია, რომელსაც ჩემს თანაგუნდელებს გადავცემ, მე მოტივაციას მმატებს და ამას იქამდე გავაკეთებ, სანამ გუნდს ჩემი ყოფნა სარგებელს მოუტანს.

„მინდა ქომაგებს მადლობა გადავუხადო, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც მოედანზე გავდივარ, ისინი მე თავს მნიშნელოვან ფეხბურთელად მაგრძნობინებენ.

„საიდუმლო, თუ როგორ გქონდეს ხანგრძლივი კარიერა ? არანაირი საიდუმლო არ არსებობს, შენ უბრალოდ დაუღალავად უნდა იშრომო, რაც აუცილებლად დაგიფასდება.“