Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა ტოტის, კოსტაკურტას და მალდინის რეკორდებს უმიზნებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი უახლოეს დღეებში მილანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ლეგენდარულ შვედ ფეხბურთელს მომდევნო სეზონში არაერთი რეკორდის დამყარების შესაძლებლობა ექნება.

ზლატანმა სერია ა-ში ბოლო გოლი 9 იანვარს გაიტანა, როდესაც ის 40 წლისა და 98 დღის იყო, რითიც ის ყველაზე ხანდაზმულ მეგოლეებს შორის მე-3 ადგილზეა. პირველ პოზიციაზე ალესანდრო კოსტაკურტა (41 წელი და 25 დღე), მე-2 პოზიციაზე კი სილვიო პიოლა (40 წელი და 131 დღე) არიან, იბრა კი ოქტომბერში 41 წლის ხდება და მას მომდევნო სეზონში ამ რეკორდის დამყარების შანსი ექნება.

კოსტაკურტას ეკუთვნის კიდევ ერთი რეკორდი. მან ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო მატჩი მაშინ ჩაატარა, როდესაც 40 წლის და 211 დღის იყო, ამიტომ თუ მილანმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა, იბრა სავარაუდოდ ამ რეკორდსაც დაამხობს.

თუ იბრამ ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა, ის ამჯერად ფრანჩესკო ტოტის რეკორდს გააუმჯობესებს. ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა მოსკოვის ცსკა-ს კარი 38 წლისა და 59 დღის ასაკში აიღო.

ბოლოს, თუ მილანი ევროპულ ტურნირებზე გაჩემპიონებას მოახერხებს, ზლატანი პაოლო მალდინის რეკორდს დაამხობს. როსონერის ლეგენდა 2007 წელს ათენში გამარჯვებისას 38 წლისა და 331 დღის გახლდათ…