Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ლეგენდა:“ ინძაგი კონტეს არაფრით ჩამოუვარდება“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო ალტობელიმ ნერაძურის დირექტორის ბეპე მაროტას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სიმონე ინძაგი ანტონიო კონტეს დონის სპეციალისტია.

„ზაფხულში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ინტერი ასეთ დონეზე იქნებოდა. ამის გამო მადლობა ინტერის თითოეულ წევრს ეკუთვნის, რომლებიც როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა დაუღალავად შრომობენ.

„არ შეიძლება არ აღინიშნოს ბეპე მაროტას ფაქტორი. ვფიქრობ, რომ იუვენტუსის უდიდესი შეცდომა ბოლო წლებში სწორედ მისი გუნდიდან გაშვება იყო. მან გუნდისთვის ურთულეს პერიოდშიც კი თავისი პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზე წარმოაჩინა.

„ასევე უნდა ითქვას, რომ სიმონე ინძაგიმ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ დღეს გარკვეული დოზით ანტონიო კონტეს შრომის შედეგსაც ვხედავთ, მაგრამ ინძაგიმ დაამტკიცა, რომ ის კონტეს დონის სპეციალისტია. ის გუნდის რესურსის გამოყენებას შესანიშნავად ახერხებს და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს.“