Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბელერინის იჯარით გაფორმებას შეეცდება

ინტერი აშრაფ ჰაკიმის შემცვლელის ძიებას განაგრძობს, რომელიც უახლოეს დღეებში პსჟ-ს ოფიციალურად შეუერთდება და არაერთი გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით, ნერაძურის მთავარი სამიზნე არსენალის ჰექტორ ბელერინი გახლავთ.

26 წლის ესპანელმა მარჯვენა მცველმა გუნდიდან წასვლის სურვილი რამდენიმე კვირის წინ ღიად დააფიქსირა და არსენალს სხვა გზა არ დარჩენია იმისა, რომ ფეხბურთელი მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაასხვისოს.

TuttoMercato-ს ინფორმაციით, ინტერი ბელერინის იჯარით დამატებას გეგმავს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფი გუნდისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. არსენალი ბელერინის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს და იქიდან გამომდინარე, რომ მისი კონტრაქტი მეთოფეებთან 2023 წლის ზაფხულში იწურება, ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არც ინგლისელები იქნებიან, თუმცა შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.