Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და მილანი ახალ სან სიროზე 2025 წლიდან ითამაშებენ ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის და ინტერის მოლაპარაკებები ქალაქის მერიასთან ბოლო დღეებში დადებითად ვითარდება და ძალიან მალე გუნდები ახალი სტადიონის აშენების ნებართვას მიიღებენ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ახალი სტადიონის აშენების შემდეგ მილანური გრანდები წლიურად მხოლოდ სტადიონის შემოსავლებიდან 120 მილიონ ევროს მიიღებენ, რაც ამჟამინდელზე დაახლოებით 4-ჯერ მეტია.

სტადიონის და მისი შემოგარენის აშენებას საერთო ჯამში 1.2 მილიარდი ევრო სჭირდება და მილანის ხელმძღვანელობას აღნიშნული თანხა უკვე გამზადებული აქვს. ახლა მხარეები საბოლოო მწვანე შუქს ინტერის მფლობელებისგან ელოდება, რომელსაც პანდემიის შემდეგ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, თუმცა ჟანგმა არაერთხელ განაცხადა, რომ ახალი სტადიონის პროექტს 100 პროცენტით უჭერს მხარს და თავისი წილი ფულის გამოყოფა პრობლემა არ იქნება.

წყაროს ცნობით, მილანი და ინტერი მშენებლობის დაწყების უფლებას 2021 წლის ბოლომდე იმედოვნებენ და თუ ასე მოხდა, ახალი სან სირო 2025 წლისთვის უკვე მზად იქნება.