Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი სერია ა-ს ‘ასეულთა კლუბს’ შეუერთდა

სიმონე ინძაგის ინტერი წარმატებულ სვლას განაგრძობს და ამჯერად ნერაძურიმ გასვლაზე აუტსაიდერი სალერნიტანა 5-0 გაანადგურა, რითიც გუნდის რეკორდი დაამყარა და სერია ა-ს ისტორიაში შევიდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ინტერს 2021 წელს 103 გატანილი გოლი დაუგროვდა, რაც ნერაძურის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია და ის გახდა მე-4 გუნდი სერია ა-ში, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

აქამდე იგივეს გაკეთება მილანმა 2-ჯერ (105 გოლი 1949 წელს და 120 გოლი 1950 წელს), ლეგენდარულმა ‘გრანდე ტორინომ’ (111 1947 წელს და 114 1948 წელს) და იუვენტუსმა (100 გოლი 1933 წელს) მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ გუნდებს დიდი ალბათობით ატალანტაც შეუერთდება, რომელსაც 2021 წელს 99 გოლი დაუგროვდა და მარაგში კიდევ 2 შეხვედრა აქვს.