Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინძაგი:“ ამ ეტაპზე, გუნდს მეტს ვერ მოსთხოვ“

ლაციომ ძალიან ბევრი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნის ფონზე გუშინ ზენიტთან ფრე ითამაშა და ქულის აღება მოახერხა. მატჩზე კომენტარი ბიანკოჩელესტის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

„ჩემი ბიჭების უდიდესი მადლობელი ვარ, ამ სიტუაციაში გუნდისგან მეტს ვერავინ მოითხოვს. ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 შეხვედრაში ჩვენ მხოლოდ 13 ფეხბურთელი გვყავდა, მათ შორის ლუის ფელიპე, რომელსაც წვივი სტკივა და თამაში მხოლოდ 5 წუთი შეეძლო.

„ამ შემადგენლობით, გუნდი მოლოდინზე უკეთეს შედეგს დებს და მინდა, რომ მათ დიდი მადლობა გადავუხადო. პირველივე ტაიმში დაგვეტყო, რომ ფეხბურთელები ენერგიის ბოლო წვეთებს ხარჯავდნენ, თუმცა მათ მოახერხეს და საქმე ბოლომდე მიიყვანეს.“

ლაციოში ვირუსთან დაკავშირებით არეულობა გრძელდება. UEFA-ს ტესტების მიხედვით იმობილეს, სტრაკოშას და ლეივას კორონა ვირუსი აქვთ, სერია ა-ს ტესტები კი არც ერთ მათგანზე ვირუსს არ ადასტურებს.

„სამარცხვინოა, რომ ჩვენ ასეთ სიტუაციაში ვართ. ეს გუნდის მდგომარეობას ძალიან ამძიმებს. წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორ ითამაშებდა ლაციო იმობილეს, ლუის ალბერტოს, ლეივას, რადუს, ლულიჩის, სტრაკოშას და ესკალანტეს ყოფნის პირობებში. სხვა ბიჭებისთვის კი, რომლებიც ყოველ მესამე დღეს თამაშობენ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

„კაისედოს გამო ძალიან ბედნიერი ვარ, მან თავისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე უდაოდ დაიმსახურა. ლაციოში ის ყველას უყვარს, რადგან ყველა მომენტში ბოლომდე იხარჯება და გუნდისთვის მაქსიმუმს აკეთებს. სამწუხაროდ გარკვეული ტრავმა მასაც აქვს, უკვე 15 დღეა, რაც მხარი აწუხებს, თუმცა გუნდის მდგომარეობიდან გამომდინარე ის მოედანზე გადის და ჩვეული მონდომებით იბრძვის…“