Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ რთული, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ ვერონას დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს ძალიან რთული, მაგრამ საჭირო და დამსახურებული გამარჯვება იყო. ჩვენ შეხვედრა კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გოლი გავუშვით და ყველაფერი გართულდა. გუნდი საკმარისად აგრესიული არ იყო და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვერონამ შესანიშნავი პირველი ნახევარი ჩაატარა.

„შესვენებაზე ჩვენ რეორგანიზება მოვახერხეთ და ლაუტაროს გოლის წყალობით გავათანაბრეთ, სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ფეხბურთელებმა კი გუნდს დამატებით ენერგია შესძინა და საბოლოო ჯამში დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

„მე მატჩს წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ რთული მატჩი გველოდებოდა, რადგან ინტერს გასულ სეზონში ვერონას წინააღმდეგ როგორც გასვლაზე, ასევე სახლში ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ.

„არის თუ არა ინტერი კვლავ იმ დონეზე, როგორზეც შარშან იყო ? ვიცი, რომ აშრაფ ჰაკიმი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მე მასთან მუშაობის საშუალება არ მქონია. ლუკაკუს 1 კვირა ვაკვირდებოდი და ის მართლაც გასაოცარი ფორვარდია, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად მან წასვლა გადაწყვიტა. საბედნიეროდ ჩვენ მათი შემცვლელების დამატება ძალიან მოვახერხეთ და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.

„ვართ თუ არა უფრო ძლიერები, ეს სეზონის ბოლოს გამოჩნდება, მიღწეული შედეგების მიხედვით. გუნდი და პრეზიდენტი ჩემთან თავიდანვე გულახდილი იყვნენ, მათ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და პირველ რიგში გუნდის სტაბილურობაზე უნდა ეზრუნათ, ამის გაკეთების შემდეგ კი მაინც ძლიერი და ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს და ახლა ჩემპიონთა ლიგისთვის მზადებას დავიწყებთ.“

ინტერი სადებიუტო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე რეალის წინააღმდეგ 15 სექტემბერს გამართავს.