Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ცვლილებების დრო იყო“

სიმონე ინძაგიმ ლაციოს დატოვების მიზეზებზე და ინტერის ამბიციებზე ისაუბრა.

„ახალ თავგადასავალს მოუთმენლად ველოდები. მე დიდი მოტივაცია და ენთუზიაზმი მაქვს და ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი საქმე მაკისრია.

„ჟანგთან, მაროტასთან და აუსილიოსთან საუბრის შემდეგ, მე პროექტის ამბიციურობასა და მნიშვნელობაზე ზუსტი წარმოდგენა შემექმნა. ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, ქომაგები ძალიან თბილად დამხვდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენს გვერდით იქნებიან.

„ვიცი, რომ წინ ძალიან ბევრი გამოწვევა გველოდება, მათ შორის უმთავრესი კი იმ სიმბოლოს დაცვა იქნება, რომელიც მომდევნო სეზონიდან ინტერის მაისურს დაამშვენებს და რომელიც სკუდეტოს მფლობელს ნიშნავს.

„ლაციო ? მე იქ 22 შესანიშნავი წელი გავატარე და ამ თემასთან დაკავშირებით წერილში დეტალურად ვისაუბრე.

„ლაციოში გატარებული პერიოდი გამოწვევებით იყო სავსე, მაგრამ მე როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა საკმარისი წარმატებები მოვიპოვე. ახლა კი ცვლილებების დრო მოვიდა.

„ინტერესი იუვენტუსის მხრიდან ? ბოლო წლებში გარკვეული შემოთავაზებები მართლაც მქონდა, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ჯერ ცვლილებების დრო არ იყო, ახლა კი მომენტი ვიგრძენი და როდესაც ინტერი გამოჩნდა, მათ დაუყოვნებლივ დავთანხმდი.

„მინდა ლოტიტოს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, ის შესანიშნავი პრეზიდენტია, მაგრამ ციკლი დასრულდა და ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით ორივე მხარე მოგებული დავრჩებით.

„რას უნდა ელოდოს ჩემი ინტერისგან ქომაგები ? მინდა, რომ გუნდმა ინტენსიური ფეხბურთი ითამაშოს, 90 წუთის განმავლობაში თამაშში დარჩეს და სიტუაციიდან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.

„ვინ შეცვლის ჰაკიმის ? ჩემს გუნდში უკანახაზელებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ახალი ფეხბურთელების გაფორმებას შევეცდებით.

„ფედერიკო დიმარკომ ვერონაში კარგი სეზონი ჩაატარა, ის ინტერის აკადემიის პროდუქტია და ჩვენ ამით ვამაყობთ.

„სენსი და პერიშიჩი გუნდისთვის ძალიან გამოსადეგი ფეხბურტელები არიან. ივანი ახლა კარანტინშია და ჩვენ მას მოუთმენლად ველოდებით, სენსი კი იმედია ტრავმებს თავს დააღწევს და თავის შესანიშნავ ტალანტს მოედანზე დაგვანახებს.“