Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიაში დონარუამს გამო დაპირისპირებაა…

გუშინ იტალია – ესპანეთის მატჩის მსვლელობისას ყოველ ჯერზე, როდესაც ბურთს ჯიჯო დონარუმა მიიღებდა, ქომაგებისგან გამაყრუებელი სტვენა ისმოდა, რის გამოც იტალიელმა კიპერმა არაერთი შეცდომა დაუშვა და პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, მან მოედანი აცრემლებულმაც დატოვა.

დონარუმასთვის ეს მატჩი მილანის დატოვების შემდეგ სან სიროზე გამართული პირველი შეხვედრა იყო და ყველა ელოდა, რომ ქომაგების მხრიდან გარკვეული პროტესტი მის მიმართ აუცილებლად იქნებოდა, მაგრამ ასეთ მწვავე რეაქციას ალბათ ცოტა თუ მოელოდა.

დღეს იტალიაში ამ საკითხზე ყველა წამყვანმა გამოცემამ ისაუბრა და თითქმის ყველა მათგანი ქომაგების საქციელს მკაცრად აკრიტიკებს, ზოგი მათგანი კი ტიფოზების ქცევას იმავე დონეზე აყენებს, როგორც კულიბალის ფლორენციაში მოექცნენ, როდესაც ქომაგები მას რასისტული ფრაზებით მიმართავდნენ.

ამ თემაზე კომენტარი რობერტო მანჩინიმაც გააკეთა:

„ჩვენ დონარუმას მიმართ გამოხატული აგრესიის გამო ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ეს რომ საკლუბო ფეხბურთ და მილანი – პსჟ-ს მატჩი ყოფილიყო, კიდევ გავიგებდით, მაგრამ სან სიროზე იტალიის ეროვნული ნაკრები თამაშობდა და ვფიქრობ, რომ იტალიელისთვის ეროვნული ნაკრები გუნდურ წყენაზე მაღლა უნდა იდგეს.“