Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვემ რონალდუს 3 პოტენციური შემცვლელი შეარჩია

კრიშტიანუ რონალდუს მომავალთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე კვირაა ერთმანეთსგან ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება და მისი მომავალი საბოლოოდ 25 ივლისს გადაწყდება, როდესაც კრიშტიანუ ბიანკონერის შვებულებიდან დაუბრუნდება და გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას შეუდგება

თუმცა Tuttosport-ის ინფორმაციით, რონალდუს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში იუვენტუსს მისი პოტენციური 3 შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

წყაროს ცნობით, პირველი მათგანი მანჩესტერ სიტის გაბრიელ ჟესუსი გახლავთ, რომელმაც პეპ გუარდიოლას ფორმაციაში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა და მას უკვე დიდი ხანია, იუვენტუსს უკავშირებენ.

მეორე ფეხბურთელი სიაში მაურო იკარდი გახლავთ. ინტერის ყოფილი კაპიტანი დიდი ალბათობით პსჟ-ს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს და მისი სურვილი სერია ა-ში დაბრუნებაა, ალეგრი კი არგენტინელი ფორვარდის გუნდში ხილვის წინააღმდეგი არ არის.

მესამე ვარიანტი კი იუვენტუსის ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი მოიზე კინი გახლავთ. იუვენტუსის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი თავის დროზე ძირითად გუნდში სწორედ ალეგრიმ დააწინაურა და ფეხბურთელს საკმაოდ დიდი დრო ეძლეოდა, მაგრამ სარის გუნდში მისვლის შემდეგ მან ტურინი დატოვა და ევერტონში გადაბარგდა.

კინმა გასული სეზონი იჯარის პსჟ-ში გაატარა და იტალიელმა ფორვარდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ამიტომ ფრანგებს მისი გამოსყიდვა სურთ, თუმცა ჯერ ვერ თანხმდებიან და მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, იუვე მზად არის ევერტონს წინადადებით მიმართს…