Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსის ‘კედელი’ – მატიას დე ლიხტი

მატიას დე ლიხტის ტურინული კარიერა არც თუ ისე კარგად დაიწყო. იუვენტუსში გადასვლის შემდეგ ტურინელებს დაცვის ხაზის ერთ-ერთი ლიდერი, ჯორჯო კიელინი დაემტვრათ და დე ლიხტს მომენტალურად ძირითადი შემადგენლობიდან მოუწია თამაში, ყოველგვარი ადაპტაციის გავლის გარეშე და გასაკვირი არ არის, რომ მან გარკვეული შეცდომები დაუშვა.

უდიდესი კრიტიკის მიუხედავად, ნიდერლანდელმა ტალანტმა გასული სეზონის მეორე ნახევარში ყველას დაუმტკიცა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი და დიდი ალბათობით იუვენტუსის მომავალი კაპიტანია.

მიმდინარე სეზონში დე ლიხტი დიდებულ თამაშს განაგრძობს. მას მხარზე გადატანილი ოპერაციის გამო რამდენიმე თვე გაუცდა, თუმცა მოედანზე დაბრუნებისთანავე იდეალურად დაიწყო თამაში და ყველას კიდევ ერთხელ დაანახა, თუ რატომ გადაიხადა იუვენტუსმა მასში 85 მილიონი ევრო.

2020 წელს მატიას დე ლიხტი მატჩების 65 პროცენტს იგებს, მის გარეშე კი იუვენტუსის პროცენტი 36-მდე ჩამოდის. დე ლიხტთან ერთად იუვენტუსი საშუალოდ მატჩში 1 გოლს უშვებს, მის გარეშე კი ეს მაჩვენებელი 1.5-ზე ადის.

ჯორჯო კიელინის გაუთავებელი ტრავმების და ლეო ბონუჩის არც თუ ისე სტაბილური თამაშის ფონზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა ნიდერლანდელი იუვენტუსის დაცვის ხაზის ნამდვილი ლიდერი და ხშირად ერთადერთი ნათელი წერტილია…