Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი – ბარსელონა პრევიუ

ჩემპიონთა ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართება, სადაც იუვენტუსი კატალონიის ბარსელონას დაუპირისპირდება. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

კორონა ვირუსი გულშემატკივრებს კიდევ ერთი შესანიშნავი სანახაობის გარეშე დატოვებს. რონალდუს ბოლო ტესტმა ვირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა და სამწუხაროდ მესი-რონალდუს დუელი ამ ეტაპზე არ შედგება, თუმცა საბედნიეროდ ორივე გუნდს ვარსკვლავები საკმარისზე მეტი ჰყავს და სანახაოვის მხრივ წინ მაინც შესანიშნავი თამაში გველის.

ბარსელონასთან დაპირისპირება იუვესთვის ჩემპიონთა ლიგაზე რიგირ მე-200 იქნება და გამარჯვების შემთხვევაში ბიანკონერი იქნება პირველი გუნდი, რომელმაც ამ ტურნირზე 100 გამარჯვება მოიპოვა.

ანდრეა პირლომ იუვეს მაისურით ბოლო მატჩი 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩაატარა, სადაც ბარსელონამ იუვენტუსი დაამარცხა. ახლა ის იუვეს მთავარი მწვრთნელია და ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საშინაო მატჩისთვის ემზადება, თუმცა მის მიმართ კითხვები უკვე არსებობს.

პირლოს იუვეში დანიშვნას არავინ ელოდა. მან 23-წლამდელთა გუნდი რამდენიმე დღით ადრე ჩაიბარა, სარის გაშვების შემდეგ კი მაესტრო მთავარ გუნდში გადაიყვანეს და ჯერჯერობით მისი შედეგებით იუვენტუსი ვერ დაიკვეხნის.

გუნდი, რომელიც ზედიზედ მე-10 სკუდეტოს მოპოვებას გეგმავს, სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზე იმყოფება და ზედიზედ 3 მატჩში ქულების დაკარგვა მოახერხა.

გასულ ტურში დეიან კულუსევსკის სოლო რეიდმა და გოლმა იუვენტუსი წაგებისგან იხსნა და გუნდმა ზედიზედ მე-3 ფრე ითამაშა.

ბიანკონერიმ კარგი სტარტი ვერც ჩემპიონთა ლიგაზე აიღო, თუმცა ალვარო მორატას მეორე ტაიმში შესრულებული დუბლის წყალობით დინამოს წინააღმდეგ პირველ მატჩში 3 ქულის მოპოვება შეძლო.

ჯგუფიდან დიდი ალბათობით იუვენტუსი – ბარსელონა გავლენ, თუმცა გუნდებს შორის პირველი ადგილისთვის და შესაბამისად მომდევნო ეტაპზე უფრო მარტივი მეტოქისთვის ბრძოლა მიდის.

იუვემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 შეხვედრაში საშინაო არენაზე გაიმარჯვა და Allianz Stadium-ზე ევროპულ სარბიელზე ჩატარებულ 42 მატჩში საერთო ჯამში მხოლოდ 4-ჯერ დამარცხდა.

ბარსელონამ კი ლა ლიგის გასულ ტურში თავის უდიდეს მეტოქესთან, მადრიდის რეალთან ელ კლასიკო საკუთარ მოედანზე 1 – 3 წააგო, საერთო ჯამში 7 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-12 ადგილს იკავებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ბარსელონას პრეზიდენტი ბართომეუ, რომელიც ლეო მესის გუნდიდან წასვლის სურვილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ, თანამდებობიდან გადადგა და შესაძლოა ეს გუნდისთვის დამატებითი მუხტის მიმცემი იყოს.

ბარსელონას იუვესთან გასვლაზე არასოდეს მოუგია, თუმცა ესპანელების საერთო რეკორდი იტალიური გუნდების წინააღმდეგ საკმაოდ შთამბეჭდავია – ბარსა იტალური გუნდების წინააღმდეგ ზედიზედ 6 მატჩია არ დამარცხებულა და ბოლო 18 შეხვედრაში მხოლოდ 2 წაგება აქვს.

რონალდუს გარდა, იუვენტუსს ბარსელონასთან ჯორჯო კიელინი და მატიას დე ლიხტიც დააკლდება. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა მოედანზე გასვლას ალექს სანდრო და ლეო ბონუჩი.

ბარსელონას ჟერარდ პიკე, სამუელ უმტიტი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და პელიპე კოუტინიო დააკლდება.

იუვენტუსი და ბარსელონა ერთმანეთს 13-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 4 ბარსელონას გამარჯვებით დასრულდა, 4 მატჩსი გუნდებმა ფრე ითამაშეს, 5 კი იუვემ მოიგო.