Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი და მისი უფასო ტრანსფერები…

იუვენტუსი იტალიაში ბოლო ათწლეულში ტიტულების გარდა კიდევ ერთი რამით გამოირჩეოდა,უფასო ფეხბურთელების გაფორმებით.

მსოფლიოში არ არსებობს ისეთი გუნდი,რომელმაც ამდენი ტალანტი სრულიად უსასყიდლოდ გაიფორმა.იუვენტუსმა ბოლო 10 წელიწადში 15 ისეთი უფასო ფეხბურთელი მიიყვანა გუნდში,რომელიც შემდგომში სასტარტოში თამაშობდნენ.

თუმცა,სასტარტოში თამაში კარგს ნამდვილად არ ნიშნავს.როდესაც დღევანდელ ფეხბურთში მოთამაშეს უფასოდ ჩაიგდებ ხელში,მისგან ბევრს ნამდვილად არ უნდა ელოდო.

ამ სტატიაში ნახავთ მხოლოდ იმ ფეხბურთელთა სიას,რომელიც იუვემ ბოლო 10-წლეულში დაიმატა და რომელთაც იუვენტუსის ძირითად გუნდში თამაშის საშუალება მიეცათ.

15.ნიკოლას ანელკა
14.ლუსიო

ბოლო ორ ადგილს იუვენტუსის ყველაზე წარუმატებელი უფასო ტრანსფერები იკავებენ.ორივე მათგანი გუნდს 2012-13 წლებში შეუერთდა.

ლუსიო იუვენტუსში 2012 წელს,მილანის ინტერიდან მივიდა და გუნდს მისი მიყვანით დამატებითი გამოცდილების მიღება სურდა.არავინ ელოდა,რომ ლუსიოს თამაშიდან მხოლოდ აჩრდილი დარჩებოდა.მან ტურინელთა შემადგენლობაში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა.6 თვის შემდეგ გუნდმა მას კონტრაქტი შეუწყვიტა და ლუსიო მშობლიურ ბრაზილიაში,საო პაულოს რიგებში ჩაეწერა.ის,რომ ლუსიო ამ ცხრილის ბოლო ადგილზე არ არის,ანეკლას დამსახურებაა.

ფრანგი ფეხბურთელი ზუსტად იმ დროს,ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა იუვენტუსს ჩინური შენჰუადან,სადაც ჩელსიდან წასვლის შემდეგ,ერთი წლის განმავლობაში თამაშობდა.აქაც,ტურინელებს მისი გამოცდილების და გოლეადორის ინსტიქტის იმედი ჰქონდათ,თუმცა ყველაფერი,რაც მან მოახერხა,ეს ლუსიოს ტრანსფერის გადაფარვა იყო.მან იუვენტუსის მაისურით მოედანზე 55 წუთი გაატარა,რის შემდეგაც გუნდმა მას კონტრაქტი გაუუქმა.

13.ლუკა ტონი
12.ფაბიო კანავარო (2.0)

ორი იტალიელი ლეგენდა,კარიერის ცუდ პერიოდში.

იუვემ ლუკა ტონი 2011-12 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აიყვანა.ტონის მოყვანით იუვენტუსს იმ სიტუაციის გამოსწორება უნდოდა,რომელიც შეტევაში სუფევდა.იმ სეზონში გუნდის საუკეთესო მეგოლე მატრი გახდა,რომელმაც სეზონში 10 გოლი გაიტანა.

მან ეს მისია ვერ შეასრულა.ტონიმ 15 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა და ტურინელების შეტევას ვერაფერი შემატა.ამის შემდეგ იტალიელი ალ-ნასრ-ში გადავიდა.

კანავარო ტურინული კარიერის პირველ ჯერზე,2000-იან წლებში, მსოფლიოს საუკეთესო მცველი იყო.მან კლუბი კალჩოპოლის ცნობილი მოვლენების შემდეგ დატოვა და მადრიდის რეალს შეუერთდა,სადაც სამი წელი გაატარა და ტურინში დაბრუნდა 2009 წელს.

მან იუვენტუსში 33 შეხვედრა ჩაატარა და გუნდმა მე-7 ადგილზე დაასრულა სეზონი.აშკარა იყო,რომ კანავარო ძველი Ballon d’Or-ის კალიბრის მოთამაშე აღარ იყო.

კანავაროს ტრანსფერი ბოლომდე ჩავარდნა არ ყოფილა,თუმცა მისი დონის მოთამაშისთვის ტურინში დაბრუნება კარგად არ აეწყო.

11.ემრე ჩანი

ერთ-ერთი იმ ნახევარმცველთაგანი,რომელსაც იუვენტუსის ნახევარდაცვაში სტაბილურობა უნდა მიეტანა…თუმცა ამის გაკეთება ვერ მოახერხა.გერმანელი გასული წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დორტმუნდში გადავიდა,წელიწად ნახევრიანი წარუმატებელი იტალიური ვოიაჟის შემდეგ.

თუ კი რამე კარგის თქმა შეიძლება ჩანზე,ეს მისი კარგად ჩატარებული რამდენიმე შეხვედრაა.თუმცა მის ტრანსფერს ბოლომდე ჩაგდებულად ვერ ჩავთვლით,რადგან უფასოდ მიყვანილ ფეხბურთელში გუნდმა 25 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

10.კინგსლი კომანი

კომანი იუვენტუსში 2014 წელს,პსჟ-დან მივიდა,თუმცა ჩანის მსგავსად ვერც მან შეძლო მოლოდინების გამართლება.მან იუვეს მაისურით მხოლოდ 22 თამაში გამართა და 1 გოლით და 2 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა თავი.ისიც უნდა ითქვას,რომ მაშინდელი იუვეს თავკაცის,ალეგრის სქემა კომანს ნამდვილად არ ერგებოდა და 2014-15 წლების სეზონში ბაიერნის ფეხბურთელი გახდა,სადაც სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ხვდებოდა.

9.ადრიენ რაბიო
8.აარონ რემსი

ორივე მათგანის ტრანსფერს თამამად შეგვიძლია წარუმატებელი ვუწოდოთ.

ისინი სეზონის სტარტზე მივიდნენ გუნდში და არსებული პრობლემის მოგვარება ევალებოდათ,თუმცა ტრავმებისა და ფორმის არქონის გამო,სხვაობის შექმნა ვერ მოახერხეს.

რემსიმ რაბიოზე კარგი თამაში აჩვენა და პანდემიამდე მისი ხარისხი აშკარად იზრდებოდა,რაბიო კი როტაციის ნაწილიც ვერ გახდა და მისი გუნდიდან წასვლის შესახებ უკვე ბევრი იწერება.

მათი ტურინული კარიერა ჯერ არ დასრულებულა,ამიტომ შესაძლოა სიაში დაწინაურდნენ.

7.ჯიჯი ბუფონი
6.ნეტო მურარა

თავისუფალი სათადარიგოს მეკარეები.

ბუფონი ტურინში პსჟ-დან დაბრუნდა და ვოიცეხ შესნის შემცვლელი გახდა.

ნეტოს ჯიჯიზე მაღალი ადგილი იმიტომ უკავია,რომ გუნდმა მისი გაყიდვით სოლიდური თანხა მიიღო.ტურინელებმა ის ვალენსიას 7 მილიონ ევროდ მიჰყიდეს.

5.დანი ალვეში

ბარსელონას ლეგენდა 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა იუვეს და იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგისკენ უნდა გაძღოლოდა.მან ბიანკონერის მაისური 33-ჯერ მოირგო,6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მან სეზონის მეორე ნახევარში კიდევ მოუმატა და ჩემპიონთა ლიგაზე თავისი ყოფილი გუნდის გამოგდებაში დიდი წვლილი შეიტანა.ამას მონაკოსთან ნაჩვენები მასტერკლასი დაემატა,რამაც იუვე ფინალამდე მიიყვანა.

თუმცა ფინალურ მატჩში,გასახდელში იუვენტუსის ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა დაიძაბა,რაც ბევრი წყაროს მტკიცებით ბრაზილიელის დაწყებული იყო.უნდა აღინიშნოს,რომ ალვეშის გარეშე შესაძლოა ზებრები ფინალამდე ვერ მისულიყვნენ.

4.ფერნანდო ლორენტე

ლორენტე იუვენტუსის შემადგენლობაში საკმაოდ სოლიდური იყო.2013 წელს მისული ესპანელი მაშინდელი იუვეს 10-იანის,კარლოს ტევესის მეწყვილე იყო შეტევაში.ლორენტემ ბიანკონერის რიგებში გამართულ 92 შეხვედრაში 27 გოლის გატანა მოახერხა,რასაც 10 საგოლე გადაცემაც დაუმატა.

მისი დრო ალვარო მორატას გუნდში გამოჩენის შემდეგ შეიზღუდა,თუმცა ის კვლავ აგრძელებდა სათადარიგოთა სკამიდან პროდუქტიულად ჩართვას,სანამ სევილიაში არ გადაბარგდა.

3.სამი ხედირა

ხედირა პოდიუმზე დაუმსახურებლად ნამდვილად არ მოხვდა.ბოლო ორი სეზონის ჩაგდების მიუხედავად,მისი საერთო ტურინული კარიერა ნამდვილად წარმატებული გამოდგა.

ხედირა იუვეს 2015 წელს მადრიდის რეალიდან შეუერთდა და მას შემდეგ იტალიის ჩემპიონების რიგებში 144 შეხვედრა ჩაატარა.

გაუთავებელმა ტრავმებმა მისი დრო ნელ-ნელა შეამცირა,თუმცა თავისი ფორმის პიკში ფეხბურთელი ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობდა გუნდის წარმატებაში.

2.ანდრეა პირლო

მაესტრო.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ‘ძარცვა’ ფეხბურთის ისტორიაში.

მილანში გატარებული საოცარი პერიოდის შემდეგ,როსონერი ფიქრობდა,რომ მისი საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა და მისი გაშვება გადაწყვიტეს.ჩემი აზრით,ეს იყო იმ ჯოჯოხეთის დასაწყისი,სადაც გუნდი ახლა იმყოფება.

ზებრებმა ის 2011-12 წლების სეზონის სტარტზე გაიფორმეს და დანარჩენი ყველამ კარგად ვიცით.პირლო იუვენტუსის წარმატების მთავარი შემოქმედი გახდა.164 შეხვედრაში მან 19 გოლი გაიტანა და 38 ასისტი მიითვალა.

1.პოლ პოგბა

იუვენტუსმა ახალგაზრდა პოგბა უფასოდ 2012 წელს გაიფორმა.

ამის შემდეგ პოლი 4-გზის იტალიის ჩემპიონი,2-გზის იტალიის თასის გამარჯვებული და ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდა.

პოლი არ იყო მხოლოდ იუვენტუსის სკაუტების გამარჯვება.ის ტურინში სულ სხვა დონეზე ავიდა და გუნდიც სხვა დონეზე აიყვანა.მასთან ერთად იუვე ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის დაბრუნდა და ის რომ ტურინში დარჩენილიყო,ვინ იცის რა მოხდებოდა…

საბოლოოდ,იტალიელებმა უფასოდ მიყვანილი ფეხბურთელი,რომელმაც მანჩესტერ იუნაიტედმა გუნდიდან ‘გამოაგდო’,მათვე 105 მილიონ ევროდ მიჰყიდა,რაც იმ დროისთვის სარეკორდო თანხა იყო.