Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი – ნაპოლის გამართვა კვლავ საფრთხის ქვეშ არის…

გასული სეზონის მსგავსად, იუვენტუსი-ნაპოლის მატჩის გამართვა, რომელიც 6 იანვარს, ტურინში არის ჩანიშნული, საფრთხის ქვეშ არის.

კორონა ვირუსის ახალი შტამის – ომიკრონის გამო ევროპულ ფეხბურთში ცუდი სიტუაციაა და გამონაკლისი ამ მხრივ არც სერია ა გახლავთ. გუშინ მოგახსენეთ, რომ ნაპოლის ნახევარმცველს ფაბიან რუისს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ის სავარაუდოდ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ნეაპოლის ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენელმა ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.

„ომიკრონის შტამის გამო ჩვენ ძალიან ცუდი მოლოდინები გვაქვს. ჯერჯერობით წინასწარ რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი ადრეა, ამ ყველაფერს ქვეყნის მთავრობა გადაწყვეტს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ამ დღეებში მობილობა გაზრდილია და არ არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელებს შორის ახალი დადასტურებული შემთხვევები გამოვლინდეს. სიტუაცია საყურადღებოა და დიდ ყურადღებას იმსახურებს.“

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში იუვენტუსი-ნაპოლის მატჩს, რომელიც კორონა ვირუსის გამო გადაიდო და იუვენტუსს ავტომატურად 3 ქულა ჩაეთვალა, დიდი ხმაური და გარჩევა მოყვა, რის შემდეგაც მატჩი გადათამაშდა და ბიანკონერიმ პარტენოპეის დამარცხება მაინც მოახერხა.

მიმდინარე სეზონში იგივე ფაქტი უდინეზე-სალერნიტანას მატჩში დაფიქსირდა, როდესაც სალერნოელებს უდინეში გამგზავრების საშუალება არ მიეცა და მათ 3-0 წაგება ჩაეთვალათ.